17 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
ცესკო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქცევის კოდექსს აქვეყნებს

ცესკო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქცევის კოდექსს აქვეყნებს. ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს პარტიებს შეუერთდნენ შეთანხმებას.

ქცევის კოდექსის მიხედვით, პარტიები უნდა შეთანხმდნენ, რომ ხელს არ შეუშლიან კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიას, არ გამოიყენონ სხვადასხვა მეთოდი დისკრიმინაციისთვის, აღიარონ კანონის უზენაესობა, დაიცვან დაიცვან არჩევნებში მონაწილე სუბიექტის და ამომრჩევლების უფლებები, უარი თქვან ცილისწამებაზე, დისკრმინაციულ და ქსენოფობიურ მიდგომებზე.

დოკუმენტი მოიცავს 4 თავს, თითოეული მათგანი მოიცავს 10-მდე კონკრეტულ რეკომენდაციას.

"საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნების დღე ხასიათდება კომპლექსური ურთიერთობებით და მრავალმხრივი ინტერესებით, რომლის ყველა კომპონენტს საარჩევნო კანონმდებლობა ვერ დაარეგულირებს და აღასრულებს. ამის გამო, საჭირო ხდება პოლიტიკური პარტიების მიერ თვითრეგულირების მექანიზმის შექმნა და დამატებით ეთიკურ წესებზე შეთანხმება, რაც მთელ მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკაა.

პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი არის ნებაყოფლობითი ეთიკის ნორმები, რომლის მიზანია დემოკრატიული ღირებულებებისა და ძირითადი თავისუფლებების  დაცვა; საგნობრივი, პროგრამაზე ორიენტირებული, ინკლუზიური საარჩევნო კამპანიის წარმოება, რომელშიც უზრუნველყოფილია თანაბარი შესაძლებლობები საარჩევნო პროცესის მონაწილეთათვის.

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებისა და სხვა საერთაშორისო ჩართული მხარეების არაერთ ანგარიშში მოხვდა რეკომენდაცია, ისეთი სტანდარტების განვითარების და დამკვიდრების შესახებ, რომელიც არეგულირებს ეთიკურ საარჩევნო კამპანიას, მათ შორის სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის შესაძლო გავრცელების აღკვეთას.

მსგავსი რეკომენდაცია მოხვდა აგრეთვე, საქართველოს სახალხო დამცველის შესაბამის ანგარიშში, სადაც სახალხო დამცველი მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შეიმუშაოს და შესთავაზოს პოლიტიკურ პარტიებს ურთიერთშეთანხმების დოკუმენტი საარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის გამოყენების, სიძულვილის ენის ერთგვაროვანი განმარტებისა და ასეთი განცხადებებისგან თავის შეკავების თაობაზე.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, შვეიცარიის სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით, განახორციელა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის შემუშავების პროცესის ფასილიტაცია.

სწორედ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითა და პოლიტიკური პარტიების მონაწილეობის შედეგად შეიქმნა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული,  პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი, რომელიც აკმაყოფილებს მიღებულ საერთაშორისო სტანდარტებს და ასევე, ეფუძნება 2018 წელს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისას, ცესკოს ორგანიზებითა და შვეიცარიის სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ, საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ ხელმოწერილ ეთიკის პრინციპებს.

აღნიშნული დოკუმენტი დაფუძნებულია საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო ეთიკის პრინციპებზე და მოიცავს სამართლიანი და ღირსეული კონკურენციის შესახებ ნორმებს, ამომრჩეველთა და მონაწილე პარტიათა უფლებების აღიარებას და პატივისცემას,  კოდექსის შესრულებაზე მონიტორინგისა და შიდაპარტიული აღსრულების მექანიზმებზე შეთანხმებას.

პირველ რიგში მადლობას ვუხდით საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დოკუმენტის შემუშავებაში.

აქვე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ვაქვეყნებთ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ვიწვევთ ყველა რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას შემოუერთდეს აღნიშნულ ქცევის კოდექსს და აიღოს პასუხისმგებლობა მის შესრულებაზე.

როგორ შეიძლება დოკუმენტზე შეერთება:

ქცევის კოდექსის ხელმოსაწერი (დაბეჭდილი ან ელექტრონული ვერსია) მიეწოდება არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას და სურვილის შემთხვევაში, მასზე შემოერთება პარტიებს შეუძლიათ დაადასტურონ თავმჯდომარის/ხელმძღვანელი პირის ხელმოწერით. ქცევის კოდექსის ტექსტი საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. ასევე, საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია ყველა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ, ვინც შეუერთდება დოკუმენტს.  

დასასრულს, მადლობას ვუხდით საერთაშორისო თანამეგობრობას, რომლის მხარდაჭერითაც შეიქმნა და ჩამოყალიბდა ქცევის კოდექსი და ასევე, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც შემოუერთდებიან და შეასრულებენ ამ ქცევის კოდექსს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საარჩევნო პროცესში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება," - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები