ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქცევის კოდექსს ოპოზიციის ნაწილი იზიარებს, თუმცა აცხადებენ, რომ ჯერ საჭიროა კონსულტაციები გამართონ და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება მის ხელმოწერასთან დაკავშირებით.
"ქცევის კოდექსზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივად მოხდეს პოზიციების შეჯერება. ამიტომ ჩვენ გავივლით კონსულტაციების სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, მათ შორის მათთან, ვინც ჩართულნი არიან საკოორდინაციო შტაბის მუშაობაში, ისევე როგორც მემორანდუმის გაფორმებაში, ივანიშვილისთვის კოალიციური მთავრობის არ შექმნის თაობაზე. შემდგომ ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ ქცევის კოდექსთან დაკავშირებით," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.
"იყენებდნენ ძალადობას, მუქარას, დაშინებას, აქედან გამომდინარე "ქართულ ოცნებასთან" ერთად ევროპული საქართველო ხელს არაფერს არ მოაწერს. თუმცა ის დებულებები ზოგადად, რომელიც ქცევის კოდექსში არის მოცემული, რომელიც ეხება ქცევის წესებს წინა საარჩევნოდ, ევროპული საქართველო ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს ყოველთვის წინასაარჩევნოდ," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.
"არაერთ წინა არჩევნებზე ჩვენ გვინახავს საფრთხეებიც და გვინახავს ფაქტები, რომელიც დღემდე გამოძიებული არ არის. რა თქმა უნდა, კარგია ქცევის კოდექსზე მსჯელობა, ხელმოწერა და ამ პროცესის შექმნა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს წესები პრაქტიკაში იყოს განხორციელებული და მთავარი აქაც, ტვირთის ამწევი უნდა იყოს ხელისუფლება," - განაცხადა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.