თამაშის რა წესებზე თანხმდება ოპოზიცია - არჩევნებამდე არასრული ორი თვის თავზე სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიამ ქცევის კოდექსს მოაწერა ხელი. "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეკრებილები იმ 4 გვერდიან ოფიციალურ დოკუმენტს დათანხმდნენ, რომელიც შაბათს, 12 სექტემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.
დოკუმენტს ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მმართველი პარტიის გარეშე მოაწერეს.
"დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ ქცევის კოდექსს მმართველი პარტიის გარეშე. რადგან მათთან ერთად რაიმე ვალდებულების აღება ნიშნავს მგელთან კომუნიკეს დადებას, რომ ის გახდება ვეგეტარიანელი და არ შეჭამს ხორცს. ჩვენ დღესაც შევასრულეთ დიდი ვაჟა-ფშაველას დანაბარები - "ბილწს არ შავეკვრი ზავით". არასოდეს ზავით არ შევეკვრებით ძალას, რომლის მიზანია ქვეყნის დაქსაქსვა, განადგურება და კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა მოვახსენო აქ წარმოდგენილ ქართულ პოლიტიკურ ელიტას", - განაცხადა"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ საერთაშორისო აქტორებს, რომ ოპოზიციური პარტიები დემოკრატიული თამაშის წესებით იხელმძღვანელებენ ამ არჩევნებზე. სამწუხაროდ იმავეს ვერ ვიტყვი "ქართულ ოცნებაზე", მოაწერს თუ არ მოაწერს, იმიტომ, რომ ის აბსოლუტურად ყველა შეთანხმებას არღვევს და ვხედავთ, რომ არჩევნებამდე უკვე ცდილობს შედეგების გაყალბებას," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.
"ევროპული საქართველოს" წევრის ლევან თარხნიშვილის შეფასებით, მმართველი პარტია ახლაც არ თამაშობს თამაშის წესებით და უკვე არსებობს კონკრეტული დარღვევები.
"კოდექსში წერია, რომ ერთმანეთს დედა არ უნდა ვაგინოთ და წიხლები არ უნდა ვურტყათ. "ოცნება" რაზეც კი შეგვითანხმდა, ყველაფერი დაარღვია. ყველაფერზე ყველა გადაყარეს და მათთან საერთოდ რამეზე ლაპარაკს ან ხელის მოწერას შინაარსი არ აქვს," - აღნიშნა "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით კი, მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა მოინდომოს, რათა "ქართულ ოცნებას" ქცევის მაღალი სტანდარტი დაუწესოს.
ცესკომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქცევის კოდექსი გამოაქვეყნა. ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს პარტიებს შეუერთდნენ შეთანხმებას.
ქცევის კოდექსის მიხედვით, პარტიები უნდა შეთანხმდნენ, რომ ხელს არ შეუშლიან კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიას, არ გამოიყენებენ სხვადასხვა მეთოდს დისკრიმინაციისთვის, აღიარებენ კანონის უზენაესობა, დაიცავენ არჩევნებში მონაწილე სუბიექტის და ამომრჩევლების უფლებებს, უარს იტყვიან ცილისწამებაზე, დისკრმინაციულ და ქსენოფობიურ მიდგომებზე.
დოკუმენტი მოიცავს 4 თავს, თითოეული მათგანი კი მოიცავს 10-მდე კონკრეტულ რეკომენდაციას.