17 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე დასასწრებად დელეგატები თბილისში იკრიბებიან - მარიამ ქვრივიშვილი

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე დასასწრებად თბილისში სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები და დელეგატები იკრიბებიან. თბილისის აეროპორტში უკვე დაეშვა ლაინერი, რომელმაც საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი და დელეგატების ნაწილი ჩამოიყვანა. სტუმრებს აეროპორტში დახვდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

"16-17 სექტემბერს საქართველო უმასპინძლებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას. აღნიშნულ ღონისძიებას აქვს რამდენიმე დატვირთვა და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველო კიდევ ერთხელ იქნა შერჩეულია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ როგორც მასპინძელი ქვეყანა, რადგანაც საქართველოს არის მწვანე ზონა. საქართველომ მთელს მსოფლიოს ანახა COVID-19-თან წარმატებული ბრძოლა. ეს არის პროცესების ძალიან სწორედ მართვის გამოცდილება. 16-17 სექტემბერს საქართველოს ეწვევა მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი ღირებულების მომტანი საჯარო მოხელეები სხვადასხვა სექტორიდან, სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც მართავენ ტურიზმის ინდუსტრიას.  გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით თბილისში ჩატარდება მნიშვნელოვანი სხდომა, რომელიც ყოველთვის ტარდება მადრიდში. ეს იქნება გამონაკლისი, როდესაც ასეთი ღონისძიება ჩატარდება ესპანეთს გარეთ,"- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. საბჭოს სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და უსაფრთხოების სრული დაცვით ჩატარდება. ღონისძიება ქართველი ეპიდემიოლოგების სრული ჩართულობითა და მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ გაიმართება, ჩარტერულ რეისს, რომლითაც საქართველოში წარმომადგენლობითი დელეგაციები ჩამოვლენ, უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად 4 ეპიდემიოლოგი ჩამოჰყვება.

"ეს არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენ როგორც საქართველო ვმასპინძლობთ აღნიშნულ ღონისძიებას, რომლის  ფარგლებში საქართველოს ეწვევიან დელეგაციის წევრები რუმინეთიდან, საბერძნეთიდან და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყნებიდან. მოგეხსენებათ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება უსაფრთხოების ნორმებს და ჩვენ ვიქნებით პირველი ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით კოვიდ-19-ის დროს უმასპინძლებს მნიშვნელოვან ღონისძიებას. ჩვენ ვიქნებით პირველი ქვეყანა რომელიც მთელ მსოფლიოს აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ვუმასპინძლოთ ასეთი მნიშვნელობის ღონისძიებას, როგორც საქმიანი ტურიზმის ჭრილში, ასევე უსაფრთხოების კუთხით. ღონისძიების მონაწილეებს, რომლებსაც საქართველოში გამომგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარებული  ექნებათ72 სთ-ის ვალიდურობის PCR ტესტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული პროტოკოლის შესაბამისად, საზღვარზე წარმოადგენენ ტესტირების დამადასტურებელ დოკუმენტაციას," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დღის ამბები