ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკური შეფასებები ქართველი კოლეგების მხრიდან უკვე მოჰყვა. ოპოზიცია ევროპელი დეპუტატების გზავნილებში იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც საუბარი მოახლოებულ არჩევნებზეა.
"ჩვენც გული გვწყდება იმაზე, რომ არ მოგვეცა შესაძლებლობა მხარი დაგვეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, მაგრამ ეს შესაძლებლობა ოპოზიციას წაართვა ხელისუფლებამ, როდესაც გიორგი რურუა დღემდე რჩება საპატიმროში. თუ მათ რაიმე ილუზია ჰქონდათ, რომ ვინმეს დაავიწყდება გიორგი რურუას საქმე, რომ არავის არ გაახსენდება ის, რომ გიორგი რურუას საქმე იყო სწორედ 8 მარტის შეთანხმების ნაწილი; ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, რომ ეს ასე არ არის და გიორგის საქმე მუდმივად იქნება დღის წესრიგში," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.
ოპოზიცია ასევე იზიარებს იმ შეფასებასაც, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა ქვეყნის დემოკრატიის განვითარებას საფრთხეს უქმნის, აქცენტს აკეთებენ კიდევ ერთხელ იმაზეც, რომ პოლიტპატიმარმა გიორგი რურუამ საპატიმრო აუცილებლად უნდა დატოვოს.
"რეზოლუციაში, რომელიც მიღებული იქნება, პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ 8 მარტის შეთანხმება იყო მნიშვნელოვანი, რომ უნდა შესრულდეს ბოლომდე, უნდა მოხდეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. აქედან გამომდინარე ერთი პარლამენტარის განცხადება ამ შემთხვევაში არ ასახავს ევროპარლამენტის სრული უმრავლესობის პოზიციას. ჩვენი პარტნიორები მზად არიან იმისთვის, რომ საქართველოში მოხდეს დემოკრატიული ცვლილებები, რომ ხელისუფლება შეიცვალოს," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე.
ევროდეპუტატების ერთი ნაწილი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად ოპოზიციის მიერ დადებული პირობისა, მან ეს პირობა არ შეასრულა და საარჩევნო სისტემის ცვლილებაში მონაწილეობა არ მიიღო. ოპოზიციას ამაზე საკუთარი არგუმენტები აქვს.
"ეს არის ძალიან მკაფიო მესიჯი, რომელსაც მე ვიღებ, პირდაპირ ვამბობ და ზუსტად ამას ვამბობ, თუ არის რეფერენდუმი, ჩვენ უნდა გვქონდეს საერთო სტრატეგია. იმასაც გეტყვით, რომ ოპოზიციურ ფლანგზე გარკვეულმა ოპოზიციურმა პარტიებმა სამწუხაროდ თავისი ვიწრო პარტიული ინტერესი ამჯობინეს საერთო ოპოზიციურ ფრონტს. პირდაპირ გეტყვით, ამაში ვგულისხმობ "ნაციონალურ მოძრაობას", რომელმაც ძალიან დიდი დარტყმა გააკეთა საერთო ოპოზიციურ ფრონტზე თავისი გადაწყვეტილებებით და ნაბიჯებით, ვიწრო პარტიული ინტერესით ისარგებლა," - განაცხადა პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.
ევროპარლამენტარები ფიქრობენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის იქნება გადამწყვეტი და ერთგვარი ტესტი, აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას ურჩევენ და მოუწოდებენ, არ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი და არ ჩაერიოს ამ პროცესებში.