"საქართველოს კონსერვატიული პარტიის" ლიდერმა, საპარლამენტო არჩევნებისთვის შვიდ მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ზვიად ძიძიგურმა თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად ვაკის საარჩევნო ოლქში ხათუნა საგინაშვილი, ხოლო გლდანის საარჩევნო ოლქში გრიგოლ ბენიძე დაასახელა.
"30 მაჟორიტარულ ოლქში ჩვენ გვყავს მხოლოდ 7 კანდიდატი, მაგრამ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც 7 უდრის 30-ს. იმდენად წარმატებული, იმდენად ყოჩაღი და იმდენად ღონიერი კანდიდატები გვყავს ყველგან, სადაც დავაყენებთ, რომ დარწუნებული ბრძანდებოდეთ, კონსერვატიულ ქვეყანაში მათ ძალიან კარგი და სერიოზული მხარდაჭერა ექნებათ.
მინდა წარმოგიდგინოთ ვაკის საარჩევნო ოლქში ხათუნა საგინაშვილის კანდიდატურა. ქალბატონი ხათუნა გახლავთ ჟურნალისტი, პედაგოგი, გაზეთის რედაქტორი და ქალბატონმა ხათუნამ გამოთქვა სურვილი ჩვენთან ერთად მიეღო ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობა, მას შემდეგ, რაც ის ჩვენს პროგრამას გაეცნო." - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება კობა ძიძიგური, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში გიორგი მორგოშია, ქუთაისის საარჩევნო ოლქში თეა ერგემლიძე, ფოთის, ხობისა და სენაკის საარჩევნო ოლქში თეიმურაზ წურწუმია, ბათუმის საარჩევნო ოლქში ნატალია ძიძიგური.