"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. საუბარი შეეხებოდა ლარის კურსის ზრდას, მიკროსაფინანსოებისა და ასევე, ბანკების პროცენტების მატებას და ამის გამო მასობრივად ხალხის ქონების ჩამორთმევის ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება. გიორგი ვაშაძემ ამ ვითარების გასაუმჯობესებლად ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მიმართა და კონკრეტული სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდა.
"ხალხი სასოწარკვეთილებაშია, იმიტომ, რომ საბანკო სესხებიდან გამომდინარე უკვე აღარ იციან საიდან გადაიხადონ ფული. ლარის კურსი მიდის ზემოთ, საპროცენტო სესხები, ხაზს ვუსვამ, ყველა ბანკმა და საფინანსო დაწესებულებამ მოუმატა ხალხს" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მან საკითხის მოგვარებისკენ ხელისუფლებას მოუწოდა და კითხვით მიმართა: "ჩვენ ჩვენი გეგმა და სტრატეგია გვაქვს. სად არის თქვენი გეგმა, რით ეხმარებით ხალხს, რას აპირებთ, რომ გააკეთოთ? ნუთუ მართლა შიმშილისთვის გინდათ გაწიროთ ხალხი? კითხვა და მარტივი საკითხი - რას აპირებთ ამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ასობით ათასი ოჯახის დასახმარებლად?" - მიმართა გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებას.