რამდენიმე წელში რამდენჯერმე შეცვლილი პოლიტიკური გემოვნება - "რესპუბლიკური პარტია", რომელიც ენმ-ს წინააღმდეგ "ქართულ ოცნებასთან" ერთად იბრძოდა, დღეს ისევ "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანდა.
8 წლის შემდეგ "რესპუბლიკური პარტიისთვის" არჩევნებზე თამაშის წესები იცვლება. გაცვლილია როლებიც - ახლა მათი ბრძოლის სამიზნე ბიძინა ივანიშვილის პარტიაა, თანამებრძოლი კი "ნაციონალური მოძრაობა".
პარლამენტის მანდატის შესანარჩუნებლად ყოფილ სახელისუფლებო გუნდში გაწევრიანება გადაწყვიტეს ნატო ჩხეიძემ და კახა ოქრიაშვილმაც.
"ბლოკები შედგება ხოლმე იმისათვის, რომ გაერთიანდეს საერთო აზრი, საერთო მიზნისთვის. დასავლური კურსი იყო, არის და იქნება ყოველთვის ჩემი ხედვა. "პატრიოტთა ალიანსში ვიყავი 2 წელი და როდესაც მათ აქტიურად დაიწყეს, ანუ 2019 წლიდან, მე უკვე დატოვებული მქონდა ეს პარტია,"-აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის "სახელმწიფო ხალხისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნატო ჩხზეიძე.
"ასეთი მომენტები იყო ძალიან ბევრი, როდესაც ჩვენი აზრება და პოზიციები არ ემთხვეოდა ოცნებას. მე "ოცნების" წევრი არასდროს ვყოფილვარ, არც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არ ვყოფილვარ. ვიყავი ყოველთვის მაჟორიტარი დეპუტატი, ძლიერი მაჟორიტარი და ყველა პარტია ცდილობდა, მათ გვერდში ვყოფილიყავი,"- პარტია "პროგრესი და თავისუფლების" დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი.
"ქალბატონ ნატოსთან დაკავშირებით რთულია პრორუსულობა დასწამო. გასაგებია, რომ მან იყარა კენჭი პარტიიდან, რომელიც პრორუსულ ძალას წარმოადგენს საქართველოში, მაგრამ ის დღეს მათთან პოლიტიკურ კავშირში არ არის და ბევრად ადრე, ვიდრე "ძალა ერთობაში" შეიქმნებოდა, მას ეს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა. რაც შეეხება "რესპუბლიკურ პარტიას" რომელიც ერთ-ერთი დამფუძნებელია "ქართული ოცნების", საქმეც ამაშია, ბიძინა ივანიშვილის ოცნება აღმოჩნდა "რუსული ოცნება" და მას პროდასავლური პარტიები ტოვებენ,"- საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა.
ახალ ბლოკში 5 პარტია გაერთიანდა. "ნაციონალური მოძრაობა", "რესპუბლიკური პარტია", "სახელმწიფო ხალხისთვის", "ევროპელი დემოკრატები" და "თავისუფლება და პროგრესი". ამ პოლიტიკურ ძალებს რეგიონებში საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც ეყოლებათ.