"ევროპული საქართველოს" ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატის, სერგო რატიანის განცხადებით, ხელისუფლებამ სკოლის დირექტორების მიმართ "ფართომასშტაბიანი სადამსჯელო ღონისძიება განახორციელა".
როგორც რატიანი განმარტავს, 2014 წელს არჩეული სკოლის დირექტორები თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მათი მოვალეობის შემსრულებლად ის ადამიანები დანიშნეს, რომლებიც ხელისუფლების მიმართ ლოიალურად არიან განწყობილი.
"ჩატარდა ეროვნული გამოცდები, ჩატარდა სხვა კონკურსები და არ ჩატარებულა სკოლის დირექტორის კონკურსი. ჩვენ ვითხოვთ, რომ განათლების სამინისტრომ გააკეთოს განმარტება, რატომ არ დაიწყო ზაფხულში, როცა იცოდნენ, რომ ვადა ეწურებოდათ დირექტორებს და სასწრაფოდ დაიწყოს კონკურსის პროცედურა,"- აცხადებს სერგო რატიანი.
განათლების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ სკოლების დირექტორთა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით განმარტება წერილობით გააკეთა.
"საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეულ და მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დანიშნულ დირექტორებს 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა. კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული დირექტორების უფლებამოსილების ვადის შეწყვეტა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ხდება. მსგავსი პროცესი ყოველწლიურად ხდება, როდესაც სხვადასხვა დროს არჩეულ ან დანიშნულ დირექტორებს შრომითი ხელშეკრულების ვადა ეწურებათ.
ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ გათავისუფლებული ყველა დირექტორი რჩება განათლების სისტემაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად ან აგრძელებს საქმიანობას მასწავლებლის ან სხვა პოზიციაზე.
ასევე, ყველა მათგანს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში," - განაცხადა ეკა დგებუაძემ.