საარჩევნო გარემოზე და ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე განცხადებები გაკეთდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. "ქართული ოცნების" დეპუტატებმა საპარლამენტო ტრიბუნა მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შეფასებისთვის გამოიყენეს.
სხდომაზე განცხადებები პარტიების პოლიტიკურ ხედვებზეც გაკეთდა. საქართველოს "პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური მდივანი გიორგი ლომია მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მდინარაძემ აღნიშნა, რომ "პატრიოტთა ალიანსს" გამოხატული პრორუსული პოზიცია აქვს.
"მინდა გამოვეხმაურო ბატონ მამუკა მდინარაძეს, მან ერთ-ერთ ინტერვიუში ასეთი რამ თქვა, რომ წარმოუდგენლად მიაჩნია 7 და 8 პროცენტს უტოლდებოდეს იმ პარტიის რეიტინგი, რომელსაც მკვეთრად გამოხატული პრორუსული პოზიცია აქვს. მე მინდა დავსვა ახლა კითხვა, რაში გამოიხატება ჩვენი პრორუსული პოზიცია, იმაში, რომ ჩვენ გვინდა პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან?" - განაცხადა გიორგი ლორიამ.
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური მდივნის ამ განცხადებას გიორგი ვოლსკიმ უპასუხა და აღნიშნა, რომ სწორედ იმაზეა საუბარი, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად რუსეთთან პირდაპირი დიალოგის სურვილი ნიშნავს პრორუსულობას.
"როგორ შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ რუსეთთან პირდაპირ დიალოგს შეუძლია კონფლიქტი გადაწყვიტოს, ეგ არის პრორუსულობა. ის კი არა, რომ თქვენ შინაარსში გაქვთ ეს პრორუსულობა ჩადებული და გინდა თუ არა აქ რუსის ჯარი შემოიყვანოთ დანარჩენ ტერიტორიაზე. ამას არ ნიშნავს" - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ "ქართული ოცნება" მედიასთან არასათანადო თანამშრომლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ტელევიზიებში დებატებზე უარს ამბობს.
კობერიძის ამ განცხადებას პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა უპასუხა.
"ვერავინ ვერ გაიხსენებს, რომ "ქართული ოცნება" მორიდებოდა დებატებს, დებატები არ ჰქონოდა. ამას განვლილი არჩევნები ცხადყოფს ყველაფერს და უკეთესად მეტყველებს," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.