"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ახალ კამპანიას - "დაავალე მიშას" იწყებს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აბსოლუტურად ყველა სოფელსა და ყველა ქალაქს შემოივლიან, მოქალაქეებს პირადად შეხვდებიან და უშუალოდ მათგან მიიღებენ დავალებებს, თუ როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემები.
ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, საზოგადოების რჩევები მათი პრემიერობის კანდიდატს გადაეცემა და შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გააჟღერებს საკუთარ გეგმებსა და მოსაზრებებს.
"დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ კამპანიას - "დაავალე მიშას". ჩვენთვის ახლა უმნიშვნელოვანესია, რა მოლოდინი აქვს საზოგადოებას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობისგან" და უშუალოდ, ჩვენი პრემიერობის კანდიდატისგან. ამიტომ, ჩვენი მაჟორიტარები შემოივლიან ყველა სოფელს, ქალაქს, რაიონს და მოისმენენ იმ დავალებებს ამომრჩევლებისგან, რომლებიც უნდა გადაიჭრას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.