ზონალურ-საათობრივი პარკირება პეკინის გამზირის შემდეგ ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც დაწესდება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისი მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, აღნიშნული გამზირების შემდეგ, ანალოგიური პროექტი უნდა განხორციელდეს ვაკის რაიონში, კონკრეტულად აბაშიძე, ფალიაშვილი, ჭავჭავაძესა და მკვეთ ქუჩებზე:
"მოვამზადოთ საინფორმაციო ჯიხურები აქაც იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია ამ კონკრეტულ სიახლესთან დაკავშირებით. მინდა გავიმეორო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომ მათ უნდა მოახდინონ საკუთარი ავტომობილების დარეგისტრირება ჩვენს პორტალზე და მათთვის მანქანის პარკირება იქნება უფასო, საცხოვრებლიდან 100 მეტრის არეალში, ასევე პარკირება უფასო იქნება შშმ პირთათვის, ელექტრომობილებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის იქნება შესაბამისი ადგილი გამოყოფილი, ხოლო დანარჩენი ადამიანებისთვის, პირველი 15 წუთი იქნება უფასო, ხოლო შემდეგი ერთი საათის ღირებულება იქნება ლარი," - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით ზონალურ-საათობრივი პარკირება ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით მოხდება.