17 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
"მწვანე ქვეყნის" სტატუსი არ ნიშნავს უკონტროლობას და ქაოსს - ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის მწვანე ქვეყნის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ კოვიდის მიუხედავად არ დაიკეტოს ეკონომიკა. განცხადება ნათია თურნავამ თბილისში მიმდინარე გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის მიმდინარეობისას გააკეთა:

"ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით "მწვანე ქვეყნის" სტატუსს. ეს სტატუსი არ ნიშნავს უკონტროლობას და ქაოსს. მიუხედავად იმისა, რომ თანდათან გავზარდეთ მობილობა, საკმაოდ აქტიურად ჩავატარეთ ზაფხულის შიდა ტურიზმის სეზონი, გავხსენით ბიზნესები, მაინც მოვახერხეთ, რომ მწვანე ზონის სტატუსის მქონე ქვეყანამ ვუმასპინძლეთ ასევე უცხოელ ვიზიტორებს. ჩვენ საყოველთაო კარანტინის გარეშე, ბიზნესის სერიოზული შეზღუდვის გარეშე, დარგობრივი ჩაკეტვების გარეშე გავაგრძელებთ საქმიანობას, კოვიდის პირობებში და კოვიდის მიუხედავად არ დავკეტავთ ეკონომიკას," - განაცხადა ნათია თურნავამ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს სხდომის თბილისში გამართვა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს:

"ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა, რადგან ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება შემთხვევითი არ არის. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას დაეხმარება მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივით და გაამყარებს ძლიერ მესიჯს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების ინდექსს, ასევე იმას, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ასეთ ღონისძიებას ყველა პროტოკოლის დაცვით უმასპინძლა," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დღის ამბები