17 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურების ცუდ პრაქტიკა​ - ოპოზიციის კრიტიკას ეკონომიკის მინისტრი პასუხობს

IDFI-ის კვლევის შემდეგ, სამინისტროებსა და სსიპ-ებში შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურების ცუდ პრაქტიკაზე "ევროპული საქართველოც" საუბრობს. ოპოზიციური პარტია ითხოვს, რომ შემცირდეს სამთავრობო ხარჯები და ფინანსები რაციონალურად დაიხარჯოს. მათივე ინფორმაციით, შტატგარეშე თანამშრომლები ძირითადად კონკურსის გარეშე აიყვანეს და ისინი მინისტრების მრჩევლები არიან.

"წლიდან წლამდე ქართული ოცნება ნაცვლად იმისა, რომ ფული დაზოგოს, ნაცვლად იმისა, რომ გადასახადებიდან აკრეფილი ფული ხალხს მოახმაროს, ამას ბიუროკრატიას ახმარს. ევროპული საქართველოს ცვლილებების გეგმის მიხედვით მას მერე რაც ქართული ოცნება დამარცხდება, ეს ბიუროკრატიული ხარჯი, რომელიც ჯამში შეიძლება შეკვეცილი იყოს 2 მილიარდი ლარით, შეიკვეცება და ეს არის თანხა, რომელიც დარჩება ხალხს," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე.

ოპოზიციის მხრიდან წამოსულ კრიტიკას არ იღებს ეკონომიკის მინისტრი და აცხადებს რომ ბიუროკრატიული ხარჯების მიხედვით საქართველოს სახელმწიფო აპარატი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონეა:

"ოპოზიცია ხედავს, რომ მათი რეიტინგი საკმაოდ დაბალია, ჩვენ მათ ბევრი სათქმელი არ დავუტოვეთ და ხელოვნური თემების გამოგონებით არის დაკავებული.

რაც შეეხება ზოგადად დასაქმებას, შრომის ანაზღაურებას, სახელმწიფო აპარატს ჩვენ ბოლო წლებში მივაღწიეთ იმას, რომ ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების მიხედვით მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები