17 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
"ლელოს" წევრები წინასაარჩევნოდ მოქალაქეებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ

პარტია "ლელოს" მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბა ბუაძემ და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა, საგანგებო ბრიფინგი გამართეს, სადაც წინასაარჩევნოდ მოქალაქეებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს.

პარტიაში ხმამაღლა საუბრობენ და ფაქტებს ასაჯაროებენ იმ ავტომობილებზე, რომლებიც "ლელოს" წევრებს ბოლო დროის განმავლობაში უთვალთვალებენ.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სამწუხაროდ, პოლიტიკური დევნის ინსტიტუტად გადაიქცა. რეგიონებში კი მუნიციპალური ორგანოები გადაქცეულები არიან ადამიანების დევნის ხელსაწყოდ და ეს ძალიან ხშირად, "ლელოს" წინააღმდეგ ხდება. მე მინდა ხელისუფლების წარმომადგენლებს ვუთხრა, რომ ეს ძალიან ძვირად დაუჯდებათ," - აცხადებს პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე. 

პარტია "ლელოს" ბრალდებას პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი პასუხობს. ის ამბობს, რომ "ლელო" ასეთი "არარსებული საკითხებით ცდილობს აქტუალიზაციას", რადგან მათ საზოგადოების ყურადღება და მხარდაჭერა არ აქვთ. 

"ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც ჩვენი საზოგადოებისგან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ, საკუთარ თვითაქტუალიზაციას, რაღაც ამბების მოგონებითა და დადგმით ცდილობენ. ამასთან, ისინი ფიქრობენ რომ თუ საუბარს ასეთ საკითხებზე გადავიტანთ ისინი ამით აქტუალიზაციას შეძლებენ. იმდენად უინტერესო საარჩევნო კამპანია აქვთ, რომ ამით ცდილობენ ისინი ტელეეკრანებთან გამოჩნდნენ," - აღნიშნავს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები