17 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
მაიკ პომპეომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს არჩევნებში დამკვირვებლების მოწვევაზე საპასუხო წერილი გამოუგზავნა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს არჩევნებში დამკვირვებლების მოწვევაზე საპასუხო წერილი გამოუგზავნა.

"ძვირფასო მინისტრო, მადლობას გიხდით თქვენი წერილისათვის და 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით საქართველოში მიწვევისათვის. მე ვიზიარებ თქვენს ძალისხმევას უზრუნველყოთ საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისი, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები. კონკურენტუნარიანი გარემო, საარჩევნო რეფორმების ზუსტი იმპლემენტაცია, ადამიანის უფლებების და გამოხატვის, გაერთიანებისა და შეკრების ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა მნიშვნელოვანია როგორც არჩევნების დღეს, ასევე არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ პერიოდში. მე ვაფასებ ყველა ნაბიჯს, რომელიც საქართველოს მთავრობამ გადადგა საერთაშორისო დამკვირვებლების ქვეყანაში ჩამოსვლის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) რეკომენდაციას სრული სადამკვირვებლო ჯგუფის განთავსების შესახებ, რომელიც მოიცავს ძირითად ჯგუფს, 28 დამკვირვებელს გრძელვადიანი პერიოდით და 350 დამკვირვებელს მოკლევადიანი პერიოდით.

ჩვენ, ასევე, ვაცნობიერებთ COVID-თან დკავშირებული ლოჯისტიკურ გამოწვევებს, რამაც, შესაძლოა, გაართულოს სრულმასშტაბიანი მისიის ორგანიზება. დეპარტამენტი შეარჩევს მოხალისეებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რათა ისინი შეუერთდნენ ODIHR-ის მისიას.

ODIHR-ის მისიის გარდა, თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კოორდინაციით, უზრუნველყოფს საელჩოს გუნდის მხრიდან დაკვირვებას. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის გამო, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) და ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გადაწყვიტეს არ განათავსონ საერთაშორისო დამკვირვებლები მოკლე პერიოდით არჩევნების დღეს, ჩვენ ვმუშაობთ NDI-სა და IRI-სთან ალტერნატიული გამოსავლის მოძიების მიზნით, რაც მათ საშუალებას მისცემს დააკვირდნენ არჩევნებს.

მათ შორის, გრძელვადიანი პერიოდით ანალიტიკოსებისა და ვირტუალური დამკვირვებლების სახით, რომლებიც ქართველო კოლეგებთან ერთად იმუშავებენ.

ჩვენ ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას აშშ-ისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით და კვლავ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც განამტკიცებენ თქვენს დემოკრატიულ ინსტიტუციებს და გააძლიერებენ  დემოკრატიულ პროცესებს,"- აღნიშნულია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს წერილში. 

დღის ამბები