17 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
ასეთი მკაფიო შეფასება და გაფრთხილება "ქართული ოცნების" მთავრობისა, მე ჩემს პრაქტიკაში არ მახსოვს - გიორგი კანდელაკი

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ანგარიშს ხელისუფლების ოპონენტები ეხმაურებიან. მათი განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში კრიტიკული ჩანაწერები გაკეთდა. ოპოზიციის წევრების თქმით, ევროპელი პარლამენტარების მიერ დამტკიცებული რეზოლუცია დასტურია იმისა, რომ ევროპარლამენტარები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ მსგავსი მკაფიო გაფრთხილება "ქართულ ოცნებას" არ მიუღია. 

"ასეთი მკაფიო შეფასება და გაფრთხილება "ქართული ოცნების" მთავრობისა, მე ჩემს პრაქტიკაში არ მახსოვს. რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რა ხდებოდა წინა არჩევნებზე და რა არ უნდა მოხდეს ახლა. ეს არის ძალადობის არ გამოძიება და არავის არ დავიწყებია კორცხელი და სხა ცემა-ტყეპა, რაც "ქართულმა ოცნებამ" ჩაიდინა. ეს არის ამომრჩევლების მოსყიდვა, დაშინება, ეს არის საჯარო მოხელეებზე ზეწოლა, რომ საჯარო მოხელეებს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში მისცენ ხმა, ეს არის 8 მარტის შეთანხმების შესრულება," - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძის თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რაც გამოიკვეთა არის ის, რომ მთავარი პრობლემა წინასაარჩევნო გარემოა.

"რეზოლუცია ზუსტად ნიშნავს იმას, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან აქტიურად აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის წინასაარჩევნო გარემოს და აფასებენ იმ ძირეულ და საქართველოს მოქალაქეებისთვის სასიცოცხლო პრობლემას, როგორიც არის კანონის უზენაესობა, მათ შორის წინასაარჩევნო გარემო, რომელიც დიდწილად არ არის ისეთი თავისუფალი, როგორიც უნდა იყოს და ყველა იმ პრობლემას, რომელიც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში და ოლიგარქიული მმართველობა, რომელიც ყველაზე დიდი საფრთხეა საქართველოს განვითარებისთვის. შესაბამისად, ხელისუფლებას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება არ მოდუნდება," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, 552-ით 61-ის წინაღმდეგ - ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიში მიიღო. ევროპარლამენტარები თვლიან, რომ დემოკრატიზაციის მისწრაფებაში საქართველოს ძალისხმევა პროგრესული და დასაფასებელია. 

დღის ამბები