17 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
უნამუსობის, უზნეობისა და სიყალბის ზეიმია - შალვა ნათელაშვილი IRI-ს კვლევაზე

არჩევნებამდე თვენახევრით ადრე გამოქვეყნებული IRI-ს კვლევები, პოლიტიკურ სპექტრში ისევ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, IRI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს სრულ უნდობლობას უცხადებს. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმ ნაწილზე, სადაც გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ მომავალი პრემიერი საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა დანიშნოს. 

"საქართველოში ჩატარებული რეიტინგული კვლევები, უნამუსობის, უზნეობისა და სიყალბის ზეიმია. ასე ხდება ბოლო 30 წლის განმავლობაში. მინდა მოვუწოდო ჩვენს ხალხს, რომ საკუთარი გულის რეიტინგებით ვიმოქმედოთ,"- აცხადებს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

ოპოზიციის ნაწილი კი ენდობა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს და აცხადებს, რომ ამ კვლევებს ანალიზისთვის და ხარვეზების გამოსასწორებლად გამოიყენებენ.

არასაპარლამენტო ოპოზციის ნაწილმა, ასევე შეაფასა კვლევის ის ნაწილი, რომელის მიხედვითაც გამოკითხულთა 26% ამბობს, რომ ისინი საერთოდ არ იცნობენ პარტიებისა და კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს. 

"მე ვიცი ეს კვლევა რა მეთოდოლოგიით ტარდება და როგორი პასუხისმგებლობით უდგებიან ეს ორგანიზაციები კვლევის ჩატარებას და ვიტყოდი, რომ ეს ნამდვილად სანდოა. 26% არ არის ცოტა, მაგრამ, თუ გადავხედავთ წინა წლებს, ეს პროცენტი კიდევ უფრო დიდი იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარტიების პროგრამებით მოქალაქეები თანდათან უფრო ინტერესდებიან," - აღნიშნავს პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი.

პარტია "გირჩის" ლიდერის განცხადებით კი, პარტიები ამომრჩეველთან კომუნიკაციას ვერ ახერხებენ და პრობლემაც სწორედ ამაშია. 

"პოლიტიკური პარტიები ვერ ახერხებენ ამომრჩეველთან კომუნიკაციას. პრობლემა იმაშია, რომ ზოგიერთ პარტიას ხედვები საერთოდ არ გააჩნია და სადღეგრძელოებით შემოიფარგლებიან. მე არ მგონია, რომ ეს პარტია "გირჩს" ეხება, ეს სხვა პარტიებზეა და არა ჩვენზე," - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ზურაბ ჯაფარიძე.

საერთშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ხმის მიცემის უფლების 1500 რესპონდენტი, პირდაპირი ინტერვიუს ფორმით 4-დან 21 აგვისტომდე პერიოდში გამოკითხა. კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 2.5 პროცენტია.

დღის ამბები