მმართველ გუნდში IRI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს სკეპტიკურად უყურებენ და იმ კომპანიასთან დაკავშირებით, რომელმაც IRI-ს საველე სამუშაოები ჩაუტარა - კითხვები აქვთ.
"პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ 56% ფიქრობს, რომ "ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს, 44% ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ, ანუ "ქართულმა ოცნებამ" უნდა აირჩიოს პრემიერ-მინისტრი და 36% ფიქრობს, რომ მხარი "ქართულ ოცნებას" უნდა დაუჭიროს. ასეთი სასაცილო მონაცემები გვაქვს ჩვენ დღეს სახეზე," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.
"ქართულ ოცნებაში" შედეგების სიზუსტეში ეჭვი შეაქვთ, თუმცა ამბობენ, რომ ამ ანალიზშიც, დღეს არსებული პროცენტული მაჩვენებლებითაც დასტურდება, რომ "ქართული ოცნება" უალტერნატივოა.
"ის ადგილობრივი მკვლევარები, რომლებიც ამ გამოკითხვას ატარებენ ძალიან ბევრჯერ შემცდარან და ამ შემთხვევაში არათუ ცდებიან, ფაქტებით ცდილობენ მანიპულირებას იმისათვის, რომ საზოგადოებას აჩვენონ თითქოს "ქართულ ოცნებას" დაბალი რეიტინგები აქვს. თუმცა, ამ კვლევებშიც იმდენად ლიდერობს "ქართული ოცნება", რომ კითხვებიც არ ჩნდება იმაზე, რომ, ჩვენ ისევ გავიმარჯვებთ,"- აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა.
საერთშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ხმის მიცემის უფლების 1500 რესპონდენტი, პირდაპირი ინტერვიუს ფორმით 4-დან 21 აგვისტომდე პერიოდში გამოკითხა. კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 2.5 პროცენტია.