17 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
რაც უფრო ახლოს მივალთ არჩევნებთან, მით უფრო გამკაცრდება და გახისტდება ჩვენი მოკავშირეების ტონი  - გრიგოლ ვაშაძე

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ანგარიშს პოლიტიკოსებისგან სხვადასხვაგვარი შეფასება მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, დოკუმენტი არის იმის დასტური, რომ ევროპელი პარლამენტარები კარგად ინფორმირებულები იმ პოლიტიკური პროცესების შესახებ, რასაც საქართველოში აქვს ადგილი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის თქმით, ევროპარლამენტარებმა კარგად იციან, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან. 

"შესანიშნავად არიან ინფორმირებული იმაზე, რა ხდება საქართველოში. მშვენივრად იციან, რომ საქართველოში გვყავს პოლიტპატიმრები, საქართველოში ოპოზიცია იდევნება სასამართლოთი და სამართალდამცავი ორგანოებით, რომელიც პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად არიან გადაქცეული და ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, გამალებული ემზადება არჩევნების გასაყალბებლად. აქედან მოდის ეს გაფრთხილებები. რაც უფრო ახლოს მივალთ არჩევნებთან, მით უფრო გამკაცრდება და გახისტდება ჩვენი მოკავშირეების ტონი, იმიტომ, რომ ყველა დაიღალა იმ პოსტსაბჭოთა ტრიუკებით, რომლითაც ე.წ. ქართული ოცნება არის დაკავებული," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ქვეყანა, სადაც არაფორმალური მმართველობაა, ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. 

"ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი და ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანა, რომელიც არის არაფორმალური მმართველობის ქვეშ, ევროკავშირს წევრი ვერ გახდება. ის, რაც რეზოლუციაში იქნა აღნიშული, რომ პოლიტიკური პროცესი პოზიტიურია, ასევე კონსტიტუციური ცვლილებები, უკაცრავად, მაგრამ ეს არის ოპოზიციის და საერთაშორისო თანამეგობრობის დამსახურება და არა ხელისუფლების. რეზოლუცია ცხადყოფს, რომ ძალიან კარგად ხედავენ ვითარებას. პირველ რიგში არის ხაზგასმული, რომ არჩევნები არის ტესტი," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

შეგახსენებთ, 552-ით 61-ის წინაღმდეგ - ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიში მიიღო. ევროპარლამენტარები თვლიან, რომ დემოკრატიზაციის მისწრაფებაში საქართველოს ძალისხმევა პროგრესული და დასაფასებელია. 

დღის ამბები