17 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
ოპოზიციას წინასწარი სიხარული ჰქონდა, რომ არჩევნები დამკვირვებლების გარეშე ჩატარდებოდა, თუმცა ასე არ მოხდება - არჩილ თალაკვაძე

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას საერთაშორისო დამკვირვებლები მიიღებენ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

როგორც არჩილ თალაკვაძე ამბობს, მმართველი გუნდის სურვილია, არჩევნებმა დემოკრატიულ პირობებში ჩაიაროს, ამას მისთვის მაიკ პომპეოს განცხადებაც ადასტურებს, საიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე მოხალისეებს გამოგზავნის.

"ოპოზიციას წინასწარი, გაურკვეველი სიხარული ჰქონდა იმაზე, რომ არჩევნები დამკვირვებლების გარეშე ჩატარდებოდა, თუმცა ახლა უკვე ცნობილია, რომ ეუთოს - ადამიანის უფლებათა ოფისს ძალიან ფართო მისია ექნება არჩევნებზე და ამაში მონაწილეობას ევროპარლამენტარებიც მიიღებენ. მე პირადად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მივმართე, რომ  დამატებითი დამკვირვებლები გამოეყოთ და მათი განცხადებაც ვნახეთ," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ. 

მაიკ პომპეოს განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციას სრული სადამკვირვებლო ჯგუფის განთავსების შესახებ, რაც 28 დამკვირვებელს გრძელვადიანი პერიოდით და 350 დამკვირვებელს მოკლევადიანი პერიოდით მოიცავს.

გარდა ამისა, თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კოორდინაციით, უზრუნველყოფს საელჩოს გუნდის მხრიდან არჩევნების დაკვირვებას.

დღის ამბები