17 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
რეზოლუცია ასახავს მთლიანად იმ პროგრესს, რომელსაც ქვეყანა განიცდის აბსოლუტურად ყველა მიმართულებით - ირაკლი კობახიძე

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ანგარიშს მმართველ გუნდში პოზიტიურად აფასებენ. მათი თქმით, რეზოლუცია არის იმის დადასტურება, რომ ქვეყანას აქვს ევროინტეგრაციის გზაზე დიდი პროგრესი. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი მათ გაითვალისწინებს.

აქვე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები არ არსებობს. 

"მთლიანობაში ეს რეზოლუცია ასახავს მთლიანად იმ პროგრესს, რომელსაც ქვეყანა განიცდის აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომლებიც მათ შორის რეზოლუციაშია გამოთქმული კანონმდებლობასთან დაკავშირებით, სწორედ ამ კანონმდებლობას განვიხილავთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და როგორც ვთქვი, ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მათ წარმოგვიდგინეს, მათ შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არის ასახული იმ კანონპროექტში, რომელსაც ჩვენ ამ კვირაში სამი მოსმენით მივიღებთ. ანუ ეს საკითხი ჩაიხურება უკვე ამ კვირაში. რაც შეეხება პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს, საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები არ არსებობს, არიან პოლიტიკური კრიმინალები, რომლებსაც შეეფარდათ კონკრეტული სასჯელები," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ ანგარიშში უფრო მეტი პოზიტიური შეფასება იყო, ვიდრე კრიტიკა. მისივე თქმით, ცალკეული ევროპარლამენტარის პოზიცია, ევროკავშირის პოზიციას არ ნიშნავს.

"ევროპარლამენტის ანგარიში არის პოზიტიური ანგარიში, ეს არის კიდევ ერთხელ ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე. საქართველოს ევროინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი,"- განაცხადა დავით სონღულაშვილმა. 

დღის ამბები