საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ აჭარაში, სადაც ამ დროისთვის კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით რთული ვითარებაა, საწოლფონდის სრული მობილიზაცია არსებობს და ამის პრობლემა არ შეიქმნება.
"დღესდღეობით აჭარაში ჩვენ საწოლფონდის სრული მობილიზაცია გვაქვს, კერძოდ კი 515 ჰოსპიტალური და 400 სასტუმრო საწოლი. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო სივრცეებში პაციენტების ნაკადი იკლებს , რის შედეგადაც ჰოსპიტალურ სივრცეში უკვე 50%-იანი დატვირთვა გვაქვს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის, დამატებითი საწოლების გამოყოფის საჭიროება არ არის. რეგიონში არსებობს იმის რესურსი, რომ საწოლფონდი გაიზარდოს, თუმცა უახლოეს მომავალში ამ საწოლფონდის მეტად გაზრდას არ ვგეგმავთ. საწოლების არსებული რესურსი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ აჭარა ეპიდემიურ სიტუაციას გაუმკლავდეს. პროცესების სწორად მართვის შემთხვევაში, ნებისმიერი სიტუაცია ლოკალიზებული იქნება," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
რამდენად ემუქრება აჭარის მაღალმთიან რეგიონებს ვირუსის გავრცელების საფრთხე - ამაზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მაღალმთიან რეგიონებში ვირუსის პრევენციისთვის, აჭარის შესასვლელში სპეციალური ბლოკპოსტები დაიდგა.
"იქიდან გამომდინარე, რომ ვირუსი აჭარის მაღალმთიან რეგიონებშიც არ გავრცელდეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბლოკპოსტები დაგვედგა. ეპიდემიოლოგები უფრო აქტიურად ეძებენ კონტაქტებს, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეული კონტაქტი დროულად დავადგინოთ,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
რაც შეეხება მასწავლებლების ტესტირებას, მინისტრის განაცხადებით, გამომდინარე იქიდან რომ საჭიროა სწავლა ძალიან მალე შეუფერხებლად დაიწყოს, პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია, მასწავლებლები, რომლებიც აჭარაში იმყოფებოდნენ - ტესტირება ჩაიტარონ.
რაც შეეხება შეკითხვას, მაშინ, როდესაც 121 შემთხვევაზე ქვეყანა მკაცრ "ლოქდაუნებზე" წავიდა გაზაფხულზე და მოსახლეობას სახლში დარჩენას სთხოვდნენ, ახლა ასეთი მატების ფონზე, რატომ არ დააწესა ხელისუფლებამ ისევ მკაცრი რეგულაციები - ამაზე ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ:
"საფრთხის სირთულე, რა თქმა უნდა, არ შეცვლილა, თუმცა ამ საფრთხის მიმართ ცოდნა შეიცვალა. მსგავსი შეზღუდვები არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან იყო, დღეს კი ყველა ერიდება, რომ იმ მკაცრი შეზღუდვებისკენ ნაბიჯი არ გადადგან. ამასთან, ჩვენ ვიაზრებთ რომ მნიშვნელოვანია ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება. უნდა ვიცოდეთ თუ როგორ იკურნებიან პაციენტები და რა მეთოდოლოგიაა ამისათვის საჭირო."
მისივე განცხადებით, თუ დადგებოდა იმის საჭიროება, რომ ზომები მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს, ამაზე ხელისუფლება უკან არ დაიხევდა.