პარლამენტის ვიცე -სპიკერი და უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კახა კუჭავა "დღის კურიერის" ეთერში ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტზე საუბრობს, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიას ეხება და ასევე ეუთოს რეკომენდაციებზე. კახა კუჭავამ აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან სრულებით თანხვედრაშია.
კახა კუჭავა ხაზს უსვამს იმას, რომ ანგარიში ივლისის თვეში იყო დაწერილი და სექტემბერში მიღებული ცვლილებები ამ ანგარიშში ვერ მოხვდებოდა.
ის, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში, კახა კუჭავას თქმით, არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა, ეს თითოეულ ოპოზიციურ პარტიას ევალება.
"კრიმინალიზაცია მოვახდინეთ ამ ფაქტების და არა თუ ნაბიჯებს არ ვდგამთ, სრულიად თანხვედრაშია ეს ნაბიჯები ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან, მათთან კომუნიკაცია და დამატებით ხდება კიდევ დახვეწა, რაზეც დამატებით ვიღებთ შექებას ამ მიმართულებით. კრიმინალიზაცია გავაკეთეთ ამ კუთხით, იმ ქმედებების, რომლებიც ადრე უბრალოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენდა, აი ამდენად სერიოზულად ვუყურებთ ჩვენ ამ საკითხს, ამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ არჩევნები იყოს განსაკუთრებით თვალსაჩინო.
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს ანგარიში როდის დაიწერა და როდის გამოვიდა? ეს იყო ივლისში და ეს დრაფტი უკვე, ორი დღის წინ იყო კენჭისყრა, ამის შემდეგ რამდენი საკანონმდებლო კენჭისყრა განხორციელდა, მათ შორის სექტემბერში, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ზუსტად ის სისხლის-სამართლებრივი კრიმინალიზაცია, კონკრეტული დარღვევების, რომ სექტემბერში იქნა მიღებული, ფიზიკურად ვერ მოხვდებოდა ამ ანგარიშში, თუმცა საბოლოო ჯამში, ყველა ძალიან კარგად კითხულობს ამ ანგარიშს და ძალიან კარგად მოვისმინეთ ჩვენ ის შეფასებები და გამოხმაურებები, რომლებიც ევროპარლამენტარებისგან ჩვენ გვქონდა და არა მხოლოდ ჩვენს მიმართ, ზუსტადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან, სადაც არის გულისწყრომა, რომ მათ არ დაიცვეს ის მთავარი პირობა, რომელიც მათი მოთხოვნა იყო და რაც ყველაზე მთავარი არის ის, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში, ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა, თითოეულ ოპოზიციურ პარტიას ევალება ეს. ეს იყო მკაფიო გზავნილი მათ მიმართ," - განაცხადა "დღის კურიერის" ეთერში კახა კუჭავამ.