17 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
"ლელოში" დღეს საიას 3 თავმჯდომარეა, ვინ თუ არა ჩვენ, ვიცით რას ნიშნავს ამომრჩევლის მოსყიდვა - საბა ბუაძე საიას ანგარიშს არ ეთანხმება

საიას შუალედურ ანგარიშში, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს მიმოიხილავს, მოხვდა "ლელოც". საუბარია რამდენიმე კონკრეტულ ფაქტზე, ერთ-ერთი არის ამომრჩევლის მოსყიდვა, როცა მოხდა ჰუმანიტარული დახმარების დარიგება მოსახლეობისთვის. თუმცა ამ ფაქტს "ლელოს" მთაწმინდა კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატ საბა ბუაძე არ ეთანხმება და აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ "ლელოს" წევრებს შორის არის საიას 3 ყოფილი თავმჯდომარე და პარტიაში კარგად იციან, თუ რას ნიშნავს პოლიტიკური კორუფცია. როგორც ბუაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა სამწუხაროდ ანგარიშში არ მოხვდა ის, რომ სისტემატური ხასიათი მიიღო "ლელოს" წევრებზე ძალადობამ და ამაში იგულისხმება როგორც ფიზიკური ძალადობა, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლის შემთხვევები, პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი და სუს-ის მიერ თვალთვალი.

"სიმართლე გითხრათ გაკვირვებული ვარ, ლელო არის ის გუნდი, რომელიც აერთიანებს სამოქალაქო სექტორიდან წამოსულ არაერთ ლიდერს, მათ შორის "საიას" ერთ-ერთ დამფუძნებელ თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, "ლელოში" დღეს შეკრებილია საიას 3 თავმჯდომარე: კახა კოჟორიძე, ანა ნაცვლიშვილი, კახა კოჟორიძე. მეც სამოქალაქო ორგანიზაციებში მუშაობისას პოლიტიკურ კორუფციას აქტიურად ვებრძოდი და ვინ, თუ არა ჩვენ, ვიცით რას ნიშნავს ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური კორუფცია და ნებისმიერი ჩვენი ქმედება, ამომრჩევლებთან ურთიერთობა არის გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების უმაღლესი სტანდარტის მიხედვით," - აღნიშნა საბა ბუაძემ.

საბა ბუაძის თქმით, ის ჰუმანიტარული ინიციატივები, რომელიც საიას ანგარიშში მოხვდა, როგორც ამომრჩევლის მხარდაჭერის მოსაპოვებელი აქციები, სინამდვილეში პანდემიის დროს გაწეული დახმარება იყო და არ უკავშირდებოდა პოლიტიკას:

"ეს ღონისძიებები ჩატარდა "წითელ ჯვართან" და გაეროსთან თანამშრომლობით. პანდემიურ პერიოდში მთელი საქართველო იყო დაკავებული იმით, რომ ვისაც რითი შეგვეძლო დავხმარებოდით ადამიანებს და აქ პოლიტიკაზე საუბარი ზედმეტია,"- განაცხადა საბა ბუაძემ.

 

დღის ამბები