"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ საკუთარ თავს ვერ ხედავს იმ გუნდში, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი იქნება - "ძალა ერთობაშიას" წევრები აფასებენ.
ისინი აცხადებენ, რომ ბლოკში, რომელში გაწევრიანების გადაწყვეტილებაც მიიღეს, წამყვანი პარტია "ნაციონალური მოძრაობაა" და სწორედ ამიტომ, პარტიული სიის შეთავაზებას მათი მხრიდან დათანხმდებიან.
"რესპუბლიკურმა პარტიამ" თუ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იყოს ბლოკში, სადაც წამყვანი პარტია არის "ნაციონალური მოძრაობა", მათ მიერ შეთავაზებული სია, ჩვენი პარტიისთვის მისაღები იქნება. რადგან ჩვენ პარტნიორობას ხელი მოვაწერეთ, "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება, "რესპუბლიკური" პარტიისთვის აპრიორი მისაღებია," - აცხადებს "რესპუბლიკური" პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.
მოძრაობის "სახელმწიფო ხალხისთვის" თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე აცხადებს, რომ რადგან ვანო მერაბიშვილი არცერთ პარტიაში არ იკავებს თანამდებობას, შესაბამისად სიაში მის წევრობასთან დაკავშირებით საუბარიც არ ყოფილა.
"ბლოკს, რასაკვირველია, საერთო პრემიერობის კანდიდატი ჰყავს და ეს მიხეილ სააკაშვილია. ჩვენ ამ ერთგვარ განახლებულ ფორმატთან ვთანამშრომლობთ. ვანო მერაბიშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში," ჯერჯერობით, არცერთ თანამდებობას არ იკავებს,"- აღნიშნავს პოლიტიკური მოძრაობის ”სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე.
"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია კი ამბობს, რომ მას ნიკა მელიასი ესმის.
"რადგან ვანო მერაბიშვილის არ უთქვამს, რომ რომელიმე პარტიაშია, შესაბამისად საკითხს ვერ შევაფასებთ. თუკი ნიკა მელიამ საჯაროდ გამოხატა ის აზრი, რასაც ფიქრობს, მე მისი მესმის,"- აცხადებს "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია.
ნიკა მელია ვანო მერაბიშვილს გაემიჯნა - გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს, რომ საკუთარ თავს ვერ ხედავს იმ გუნდში, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი იქნება.