ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ვიზიტი პარლამენტში მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობს.
მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით იმყოფება. შეხვედრას პოლიტიკური ბრალდებების გარეშე არ ჩაუვლია. პანდემიის პირობებში შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის კრიტიკის ფონზე მინისტრმა ოპოზიციას წინა ხელისუფლების ქმედებები შეახსენა, რასაც მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
"ეს, თავისთავად, იმის ანარეკლია, რა პოლიტიკას ატარებდით თქვენ, თქვენი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში, რომელსაც მე 2006 წლის ნოემბერში სრულიად სამართლიანად გავეყარე და ეს ის პერიოდია, როდესაც ბიზნესის რეკეტი დაიწყო და რა პოლიტიკას ვატარებთ ჩვენ ღია ცის თვალსაზრისით და ეს ის მონაპოვარია, რომელსაც არ დავთმობთ,"- განაცხადა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავას ამ შეფასებას "ევროპული საქართველოს" წევრის, გიგა ბოკერიას რეპლიკა "იტყუებით" მოჰყვა.
"თქვენი ხელისუფლების პერიოდში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდაც როცა იყო, 2007 წელს, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, საყოველთაო სიღარიბის მაჩვენებელი იყო 38%, ისტორიულად ყველაზე მაღალი, იმაზე მაღალიც კი, როდესაც თქვენ გადმოიბარეთ ხელისუფლება შევარდნაძის მთავრობიდან,"-განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომიც გაიხსენა და ოპოზიცია კრიზისის არაეფექტურად მართვაში დაადანაშაულა.
"თქვენი ერთ-ერთი დღევანდელი პოლიტიკური ლიდერი, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე მოგვიწოდებდა თუ არა ქართველ ხალხს დანა-ჩანგლით შევიარაღებულიყავით და შევხვედროდით მტერს, ანუ ბედის ანაბარა დატოვეთ მაშინ თქვენმა ხელისუფლება და ჭკუას გვარიგებთ, როგორ ვმართოთ კრიზისები. არაფერი გაქვთ პოზიტიური გამოცდილება ამ კუთხით გასაზიარებელი არც ხალხთან, არც ჩვენთან. აქედან გამომდინარე, ჭკუის დარიგება თქვენგან ამ მიმართულებით მიუღებელია,"- განაცხადა ნათია თურნავამ.