რამდენიმე წუთის წინ "ქართული მარშის" წევრებმა "ლელოს" ვაკის ოფისთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ოფისის პიკეტირებას გეგმავენ და პარტიის არჩევნებიდან მოხსნას ითხოვენ.
"თქვენ ხართ ჩვენი დები და ძმები, აგიხსნით მარტივ რაღაცას. ქვეყანაში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისევ ხაზარაძის მსგავსი ბანკირების გამო, თქვენ ხართ მშივრები და ხელფასის სანაცვლოდ მუშაობთ. ამიტომ, თქვენთან დაპირისპირებაში არ შევალთ, მოგიწოდებთ, ნურც თქვენ წამოხვალთ პროვოკაციაზე. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ, მოვა დრო და ხაზარაძეები და მევახშეები წავლენ ციხეში,"- მიმართა გიორგი გაბედავამ "ლელოს" ოფისის თანამშრომლებს.
ისინი პარტიის ოფისის 24-საათიან პიკეტირებას გეგმავდნენ, თუმცა ულტრამემარჯვენე დაჯგუფებამ ტერიტორია უკვე დატოვა.
"მათ უფლება არ აქვთ, აწარმოონ საარჩევნო კამპანია, არ უნდა დარეგისტრირებულიყო პოლიტიკური პარტია, მითუმეტეს, პარლამენტში რომ გავიდნენ და განსაზღვრონ ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური კურსი,"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აქციის პარალელურად, პარტიის ოფისში შეკრებილები არიან "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები, მათ შორის ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი. ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ნებისმიერ პარტიას აქვს უფლება, კანონის ფარგლებში საკუთარი პროტესტი გამოხატოს.
"ქართული მარშის" წევრებმა "ლელოს" ვაკის ოფისის ტერიტორია უკვე დატოვეს.