ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება. დეპუტატებთან შეხვედრა მწვავე დებატების და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. ოპოზიციას ჰქონდა კითხვები, რომლებიც შეეხებოდა გაუფასურებულ ლარს, ეკონომიკურ პრობლემებს და პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო დაზარალებულ სფეროებს.
"ევროპული საქართველოს" წევრის, გიორგი კანდელაკის კითხვა საერთაშორისო ფრენების შეზღუდვას ეხებოდა:
"28 ივლისს ბატონმა ცერცვაძემ განაცხადა, რომ საზღვრების გახსნა უსაფრთხო ქვეყნებთან არ გამოიწვევდა სიტუაციის გაუარესებას. თუ მას ეთანხმებით, და არანაირი საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო, რომ არ ეთანხმებით, რატომ ეუბნებით, მაგალითად "ვიზეარს" უარს რეგულარული ფრენების აღდგენაზე უსაფრთხო ქვეყნებთან. ლატვიიდან დაინიშნა "ვიზეარის" რეგულარული რეისები ერთი კვირის წინ, რა, ლატვიის მთავრობას საკუთარი მოქალაქეების დახოცვა უნდა?! რატომ არ შეგყავთ უსაფრთხო ქვეყნების სიაში, მაგალითად, საბერძნეთი, რომელსაც ზუსტად 5-ჯერ უკეთესი სტატისტიკა აქვს, ვიდრე საფრანგეთს,"-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორედ მსგავსი შეზღუდვებითაა ქვეყანა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთი კეთილსაიმედო.
"ჩვენი სახელისუფლებო გუნდის ძალისხმევის შედეგად, ჩვენი ეპიდემიოლოგების კომპეტენციის შედეგად და, რაც მთავარია, იმის გამო, რომ ჩვენ დროულად მივიღეთ პრევენციული ზომები ბევრს სხვა სახელმწიფოსთან შედარებით უფრო ადრე, ჩვენ დღეს ვამაყობთ იმით, რომ კორონავირუსის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე კეთილსაიმედო ქვეყანა,"-განაცხადა ნათია თურნავამ.
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე დაინტერესდა, რატომ არ არის მკაცრი შეზღუდვები აუცილებელი ახლა, როცა კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიური რიცხვი 5-ჯერ მეტია, პირველ ტალღასთან შედარებით.
მინისტრის განცხადებით, მაშინდელი 20 შემთხვევა უფრო საშიში იყო, ვიდრე ახლანდელი 150, რადგან საკითხი უცნობ გამოწვევას ეხებოდა.
"მაშინდელი 20 შემთხვევა იყო გაცილებით შემაშფოთებელი მთელი მსოფლიოსთვის და, განსაკუთრებით საქართველოსთვის, რადგან ამოუცნობ გამოწვევასთან გვიწევდა გამკლავება, ვიდრე დღევანდელი საქართველოსთვის 150-160 შემთხვევა, რომელსაც ჩვენ ყოველგვარი პანიკის გარეშე, მხოლოდ წერტილოვანი ზომების მეშვეობით ვმართავთ, რადგან გვაქვს უფრო მეტი მომზადება და ცოდნა,"-განაცხადა ნათია თურნავამ.
კითხვა დაისვა ბიურიოკრატიული ხარჯების სიდიდეზე, რაზეც ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პირიქით - საქართველო ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა მსოფლიოში.
"რეალურად, ჩვენ მსოფლიოში მეორე ვართ, სინგაპურის შემდეგ, მიმდინარე ხარჯების დაბალი დონით მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. ჩვენც, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოს პრობლემა გვიდგას პანდემიის გამო, ეკონომიკას აქვს ნეგატიური დინამიკა წელს, ეს ურტყამს ბიუჯეტს, მიუხედავად იმისა, გაიზრდება შრომის ანაზღაურება და პენსიების ზრდა აღარ იქნება მთავრობის ნება-სურვილზე დამოკიდებული, ეს არის შეუქცევადი პროცესი და ის ასეთი ჩვენ გავხადეთ, "ქართულმა ოცნებამ,"-განაცხადა ნათია თურნავამ.