პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის მოსმენა დასრულდა. მწვავე დებატების შემდეგ, ნათია თურნავას შემაჯამებელი სიტყვა ჰქონდა, რომელსაც ოპოზიცია აღარ დასწრებია.
მათ დებატების შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვეს. ოპოზიციის განცხადებით, მათ ვერ მიიღეს პასუხები კითხვებზე, რომლებიც ეხებოდა ლარს, ფრენებს, შეზღუდვებს, ფასების ზრდასა და უმუშევრობას.
"ლარმა ფასი დაკარგა და თქვენ ბოლომდე გაუფასურდით," - ასე მიმართა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ეკონომიკის მინისტრს.
"ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრმა სერგი კაპანაძემ კი, ნათია თურნავა "ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებულ მინისტრად" მოიხსენია.
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანმა თინათინ ბოკუჩავამ, სხდომაზე ეკონომიკის მინისტრს საუბარი დაუწუნა და ბიძინა ივანიშვილზე რეპლიკით უპასუხა:
"მითოლოგიაზე ისაუბრეთ ქალბატონო ნათია და ზევსი რომ გგონიათ ოლიმპოს მთაზე მოკალათებული, სინამდვილეში, ის ადამიანი ერთი ჩვეულებრივი თაღლითია," - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
მმართველი გუნდის წევრების გაღიზიანება კი, მათი ოპონენტების საუბარმა გამოიწვია.
"სიძულვილის ენით საუბარი ქალი მინისტრის მიმართ უკიდურესად დასაგმობია. დღეს ჩვენ მოვისმინეთ კომპასში დაკარგული პარტიის წევრების უარგუმენტო კითხვები და ეკონომიკის მინისტრის კვალიფიციური პასუხები," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.