17 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
ივანიშვილს ნაკლებად აინტერესებს რას ამბობს ვენეციის კომისია, მისთვის მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების კონტროლი - სალომე სამადაშვილი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების მოწოდებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანამდე ვენეციის კომისიის დასკვნა მოითხოვოს, ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. 

პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ კანონპროექტი ნაჩქარევად არის მომზადებული და, გარდა ამისა, პარლამენტშიც დარღვევებით წარადგინეს. 

"ეს იყო უპრეცედენტო დარღვევებით მიღებული ცვლილებები, მე მართლა არ მახსოვს მსგავსი დარღვევა. აბსოლუტურად სხვა კანონპროექტი იყო მეორე მოსმენით შემოტანილი და კენჭისყრამდე შემოიტანეს სრულიად ახალი - 7 ახალ პუნქტდამატებული, თან ისეთი ცვლილება, რომელიც არ იყო ინიცირებულში. 

საყურადღებოა, რომ ეს იყო ძალიან ნაჩქარევად, მოუმზადებლად, წინააღმდეგობრივად გამოტანილი პროექტი. ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნას ითხოვს ახლა ევროსაბჭოს მომხსენებლები სწორედ იმიტომ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კანონი არ შეიძლება ასე ნაჩქარევად, დისკუსიის და გააზრების გარეშე იყოს მიღებული,"-განაცხადა ეკა ბესელიამ.

"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მაინც არ გაითვალისწინებს. 

"ქართული ოცნება" ამ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს ისე, როგორც არ გაითვალისწინა წინა რეკომენდაციები. "ქართულმა ოცნებამ" უზენაეს სასამართლოს მოსამართლეები შეარჩია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ, იქ გაამწესა იურიდიული განათლების არმქონე პირები და შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად მართლმსაჯულების სისტემას. ამ ცვლილებებით კვლავ არ ითვალისწინებენ იმას, რომ კენჭისყრა იყოს ღია და არა ფარული და რომ დასაბუთებული იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან რატომ არჩიეს ეს კანდიდატი სხვა კანდიდატზე,"-განაცხადა ოთარ კახიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს ისე, როგორც აქამდე არ ითვალისწინებდა, რადგან სასამართლო სისტემაზე კონტროლის დაკარგვა არ სურს. 

"ვენეციის კომისიის ყველა ძირითადი რეკომენდაცია უგულვებელყო ამ ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, ყველა ეტაპზე, როგორც სასამართლო სისტემის რეფორმის, ასევე, ჩვენ გვახსოვს, საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, რადგან ბიძინა ივანიშვილს ნაკლებად აინტერესებს რას ამბობს ვენეციის კომისია, მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია სრული და აბსოლუტური კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე,"-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები