ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების მოწოდებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანამდე ვენეციის კომისიის დასკვნა მოითხოვოს, მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საერთო მოსამართლეების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებულია, შესაბამისად, არ არის წინააღმდეგი კანონპროექტი კომისიას გადაეგზავნოს.
"შერჩევის პროცედურის სტრუქტურა არსებითად იცვლება. დასაბუთების ნაწილში ჩვენ გვაქვს არსებითი ცვლილებები, ანუ დასაბუთდება არა მხოლოდ ზოგადად გადაწყვეტილებები, არამედ თითოეული ქულა, რომელიც დაიწერება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ. გარდა ამისა, გასაჩივრების წესი არის თვისებრივად შეცვლილი. ღიაობის კუთხით გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილება - კენჭისყრა არის ღია, გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაცია სრულად ექნება როგორც იუსტიციის საბჭოს წევრებს, ასევე აპლიკანტს, რომელსაც სურს გადაწყვეტილების გასაჩივრება. ჩვენ შევიმუშავეთ კანონპროექტი ზუსტად ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ასე რომ, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში, ამაზე გვექნება კონსულტაციები და შეიძლება ეს გადაწყვეტილება იყოს მიღებული,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კი კანონპროექტი ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.
"ეს არის ცვლილებები, რომელიც აზუსტებს იმ საკითხებს, რაზეც იყოი კონსულტაცია, საუბარი არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. შესაბამისად, ყველა ის საკითხი, რომელიც საჭიროებდა დაზუსტებას და დამატებით გაწერას, არის დამატებით გაწერილი და დაზუსტებული. ეს პროექტი ყველანაირ ტესტს ჩააბარებს, იქნება ეს კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით თუ ვენეციის კომისია. რა თქმა უნდა, ეს პროექტი სრულად პასუხობს იმ საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც არსებობს,"-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.