17 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
ჩვენი ქვეყნის პრობლემა "ქართული ოცნებაა" - მორიგი გზავნილი სერგეი ლავროვისგან და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

მორიგი გზავნილი სერგეი ლავროვისგან - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თბილისში რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მომხრე პოლიტიკოსებს ხედავს.

ლავროვის თქმით, მართალია, ასეთი პოლიტიკოსების რაოდენობა, ჯერჯერობით, მცირეა, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მათი რაოდენობა გაიზრდება. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე "ართივიაი-ს" ეთერში, თინა კანდელაკთან ინტერვიუსას ისაუბრა.

ლავროვი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები აღდგება. 

სერგეი გავროვის ინტერვიუს შეფასება მოჰყვა ქართულ პოლიტიკური სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებენ და ქვეყნის მთავარ პრობლემას უწოდებენ. 

"დღეს ჩვენი ქვეყნის პრობლემა არც ნინო ბურჯანაძეა, არც პატრიოტთა ალიანსი, ჩვენი ქვეყნის პრობლემა არის ქართული ოცნება, რომელიც ბევრად უფრო სახიფათო მოვლენაა თავისი შინაარსით. იმიტომ რომ ამ დეკლარირებული პრო დასავლური კურსის უკან, რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ სრულდება ფაქტიურად ყველა ის სტრატეგიული ამოცანა, რომელიც რუსეთს აქვს დასახული ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში,“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ერთპიროვნულ მმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, რომელიც ამბობს, რომ სწორედ ეს ხდის ქვეყანას დაუცველს რუსეთის წინაშე. 

"ჩვენ გვყავს დიდი ჯგუფი, რომელიც მთელ ქვეყანაში აკონტროლებს ყველა შტოს, ერთი კაცი ივანიშვილი და მისი გარემოცვა, რომლის მოქმედებებიც ჩვენ გვხდის ეკონომიკურად უსაფრთხოების სფეროში და პოლიტიკურად ბევრად უფრო დაუცველს რუსეთთან მიმართებაში. ეს არის ის, რაშიც უნდა მოხდეს ცვლილებები," - აცხადებს გოგა ბოკერია.

ლავროვის განცხადებას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია სასაცილოს უწოდებს.

"ლავროვის განცხადება არის სასაცილო, იმიტომ რო ურთიერთობების ნორმალიზებისთვის აუცილებელია რუსეთმა გადადგას ის ნაბიჯები, რაც მან უნდა განახორციელოს, ეს არის გათვალისწინებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით. როგორც ჩანს ლავროვი და ის პარტიები, რომლის იმედიც ასე ძალიან აქვს ლავროვს, თავიანთ ნარატივში აძლიერებენ ერთმანეთს, თუმცა ეს ნამდვილად ვერ მოახდენს გავლენას ჩვენს ამბიციურ დღის წესრიგზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ბოლშევიკების და კომუნისტების შემდეგ, ამ ქვეყანაში ყველაზე მეტი რუსული საქმე გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ," - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

დღის ამბები