17 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
"თბილისში, ნიღბიანი ადამიანები სცემენ პოლიტიკურ ოპონენტებს"- ლაშა ცუცქირიძეზე თავდასხმის გამოძიების მოთხოვნით შსს-სთან აქცია იმართება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლაშა ცუცქირიძეზე თავდასხმის გამოძიების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია იმართება. აქციაზე იმყოფებოდა "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავაც, რომელიც აცხადებს, რომ თუ დამნაშავეებს სასწრაფოდ არ დააკავებენ, ეს ფაქტი ოპოზიციაზე პოლიტიკურ თავდასხმად შეფასდება. 

"უმარტივესია ამ საქმის გამოძიება. რაც შეიძლება სწრაფად, 48 საათის განმავლობაში არ გაიხსნება ეს საქმე და არ იქნებიან წარმოდგენილი პირები, ზონდერები, რომლებმაც მოაწყვეს ეს თავდასხმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლაშა ცუცქირიძეზე, აღნიშნული ფაქტი შეფასდება პოლიტიკურ თავდასხმად, როგორც ნაციონალურ მოძრაობაზე, ასევე  მთლიანად გაერთიანებულ ოპოზიციაზე,"- განაცხადა ზვიად კუპრავამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ამ დრომდე მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან რეაგირება არ ყოფილა. 

"თბილისში, ნიღბიანი ადამიანები სცემენ პოლიტიკურ ოპონენტებს, ეს არის სწორედ ის, რისი დასრულებაც სურთ საქართველოში ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ, გამოიძიონ, დააკავონ ის ადამიანები, დღემდე არავითარი რეაგირება არ მომხდარა და განცხადება არ მოგვისმენია შინაგან საქმეთა სამინისტროდან,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები