საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ, რომ ან "ნაციონალური მოძრაობა", ან "ქართული ოცნება" - ოპოზიციის ერთიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი არჩევნების შედეგებზე და საკუთარ პროგნოზზე უკრაინიდან საუბრობს. ის ვერ ხედავს კოალიციას და არ სჯერა არც პარტიების და არც "პარტიუკების", როგორც თავად უწოდებს პოლიტიკურ სუბიექტებს.
მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული პარტიები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნავს, რომ ის რეალურ ძალას მხოლოდ თავისივე "ნაციონალურ მოძრაობაში" ხედავს.
მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას გამოეხმაურნენ "ნაციონალურ მოძრაობაშიც". სალომე სამადაშვილი პარტიის ლიდერის მსგავსად მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვს.
"დღეს ვხედავთ, რომ საზოგადოებას, რომელსაც სჭირდება პოლიტიკური ცვლილება, აქვს საკმაოდ დაბალი ინტერესი პოლიტიკური პარტიების უმრავლესობის მიმართ, გამონაკლისია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც გაცილებით მეტი ადამიანი ენდობა და უჭერს მხარს, ვიდრე რომელიმე სხვა ოპოზიციურ პარტიას. არავის არასდროს არ უთქვამს, რომ არჩევნების შედეგებს და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას არ გაუწევს ანგარიშს, მაგრამ, ამ ეტაპზე, ჩვენ ვიბრძვით, რომ იმ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდმა უმრავლესობამ ირწმუნოს, რომ ხმა უნდა მისცეს სწორედ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას,"-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.