17 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
"სააკაშვილს უნდა წარსულის დაბრუნება, რომელშიც თვითონ ჰქონდა ერთპიროვნული ძალაუფლება" - ოპოზიცია სააკაშვილის განცხადებას კრიტიკულად აფასებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების შემდეგ კოალიციას ვერ ხედავს, ოპოზიციაში კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა. 

"ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, ეს განცხადება იმის დასტურია, რომ მიხეილ სააკაშვილს კვლავ ერთპიროვნული ძალაუფლება სურს. 

"როგორც ჩანს, სააკაშვილს ასევე არ უნდა ცვლილებები და უნდა წარსულის დაბრუნება, რომელშიც თვითონ ჰქონდა ერთპიროვნული და ერთპარტიული ძალაუფლება. სწორედ ამას ნიშნავს მისი განცხადება, რომ მას არ უნდა კოალიცია. როგორც ჩანს, სააკაშვილს ასევე არ უნდა ცვლილებები. ამიტომ, არჩევანი არის არა ივანიშვილს და სააკაშვილს შორის, არამედ, არის ერთის მხრივ, ამ წარსულში დამბრუნებელ ძალებს შორის და ეს არის ივანიშვილი და სააკაშვილი,"-განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები არასერიოზულია. 

"უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის განცხადებები არის არასერიოზული. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, შედეგის გარკვეული ნაწილი მიღებულია, ხოლო უფრო მეტ შედეგებს მივიღებთ არჩევნებში. ამიტომ, რაზე ოცნებობს და საითკენ იმზირება უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი, იფიქროს უკრაინამ. თუმცა, ვფიქრობ, რომ მას იქაც აღარ დაედგომება უკვე, რადგან ვერანაირი რეფორმები ვერ განახორციელა,"- განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები სწორედ ქართულ პოლიტიკაში არსებული ორპოლუსიანობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. 

"მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი საარჩევნოდ მუდმივად უწვდიან ერთმანეთს დახმარების ხელს. ეს არის ორპოლუსიანობის და პოლიტიკაში ამ ორი პოლიტიკური ძალის მონოპოლიის სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებები. საბედნიეროდ, ქართველი ამომრჩევლის დაკვეთა არის მრავალფეროვნება, ალტერნატიული პ0ლიტიკური ძალები,"-განაცხადა საბა ბუაძემ. 

დღის ამბები