პოლიტიკური გაერთიანება "ქართული დასის" თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურია სახელმწიფოს კომერციული ბანკებისგან არალიკვიდური აქტივების გამოსყიდვისკენ მოუწოდებს. ამ მოთხოვნით აქცია ეროვნულ ბანკთან გაიმართა.
"ქართული დასის" ლიდერი მთავრობას გეგმას სთავაზობს, რომელსაც პრობლემური სესხების მქონე პირთა და საბანკო სექტორისთვის ფინანსური ტვირთისგან გათავისუფლების შესაძლებლობად აფასებს. სქემის იმპლემენტაციის შემთხვევაში კი, ქვეყანაში ფულადი რესურსის ზრდას აანონსებს.
"საბანკო სისტემა განიცდის 2-მილიარდიან ზარალს, ხოლო ხალხი დგას იმ საფრთხის წინაშე, რომ დაკარგავს მალე საცხოვრებელ სახლებს. შესაბამისად, ჩვენ ვთავაზობთ უნიკალურ სქემას სახელმწიფოს, რომლის მიხედვითაც მოხდება პრობლემური ვალების ჩამოწერა, ისე რომ არც ბიუჯეტი არ იზარალებს და საბანკო სისტემა და საბანკო სისტემა გაჯანსაღდება და შეიქმნება 2 მილიარდი თავისუფალი ფული," - აღნიშნა ბაღათურიამ.