17 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
ვწუხვარ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" აირჩია მანდატებისთვის ბრძოლის და არა გამარჯვების გზა - გიორგი ვაშაძე

საქართველოს ყოფილმი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას, სადაც ის აცხადებს, რომ არჩევანი "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის კეთდება, ოპოზიცია კრიტიკით პასუხობს. 

"ცრუ დილემა, რომელიც წარმოადგინა მიხეილ სააკაშვილმა. ძალიან ვწუხვარ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" აირჩია მანდატებისთვის ბრძოლის და არა გამარჯვების გზა. გამარჯვების გზა არის არა სხვა ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმები, არამედ საერთო ფრონტის შექმნა ოპოზიციისთვის. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ გზას ირჩევს "ნაციონალური მოძრაობა“. როგორც ჩანს, მათი ერთადერთი მიზანი მართლაც არის მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის შენარჩუნება,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს ერთპიროვნული მმართველობა სურს, ოპოზიცია კი ამის კატეგორიული წინააღმდეგია. 

"მას წარმოუდგენია, რომ კვლავ ერთმნიშვნელოვნად და ერთმმართველად უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და მინდა ვუთხრა, რომ ამით ის აზარალებს საკუთარ პოლიტიკურ გუნდსაც. არიან ადამიანები, რომელთაც არ უნდათ "ნაციონალური მოძრაობის" ან ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ერთპიროვნულად ხელისუფლებაში მოსვლა და მით უმეტეს, მიხეილ სააკაშვილის.

არ მესმის, რატომ უნდა დაიკარგოს ახლა ოპოზიციური ერთობა და რატომ უნდა ვილაპარაკოთ რომელიმე პარტიის ერთპიროვნულ მმართველობაზე. ეს ოპოზიციისთვის მიუღებელია,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის ამბიციებს და მისწრაფებებს ერთმანეთს უთანაბრებს. 

"მესიანისტური პოზიცია აქვს, რომ მარტო მასშია ქვეყნის ხსნა. მგონია, რომ ოპოზიციას აზიანებს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არ არის კატასტროფა. სააკაშვილი რანაირი ადამიანია და რა ტიპის ამბიციები აქვს, მგონია, რომ ყველასთვის ცხადია. პრობლემას იმაში ვხედავ, რომ ამაზე საჯაროდ და ხმამაღლა არ საუბრობენ ოპოზიციის შიგნით. გასარკვევი და სათქმელია, რომ კი ასეთი მოცემულობა გვაქვს, რომ ერთის მხრივ, უნდა შევძლოთ, რომ მომავალში გვქონდეს კოალიციური მთავრობა, რომელიც ხელისუფლებიდან გაუშვებს ივანიშვილს დ, მეორეს მხრივ, აქეთ მხარეს დასაბალანსებელი გვყავს სააკაშვილი, რომელსაც დაახლოებით ისეთივე ამბიციები ამოძრავებს, რომელიც ამ წუთში ივანიშვილს აქვს,"- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ არჩევანი "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის უნდა გააკეთოს და კოალიციის არ სჯერა. 

მოგვიანებით, ამ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით, მან  განმარტება გააკეთა.

დღის ამბები