პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის გეგმებს და მის განვითარებას ხელს უშლის.
ეს განცხადება მან ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ არჩევანი "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის კეთდება, კოალიციური მთავრობის კი არ სჯერა.
"მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული. დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით, ის ხელს უშლის ოპოზიციის გეგმებს და განვითარებას და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის ოპოზიციონერ კოლეგებს შორის დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს. ჩვენი საქმე ეს არ არის, ჩვენ არ გვაქვს დრო, ახლა მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და ვისაუბროთ. ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც გვაქვს საზოგადოებასთან.
იმედია, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ფილიალები ერთმანეთში გაერკვევიან, თუ არც გაერკვევიან, არც ეს იქნება პრობლემა. ძველი ოპოზიცია უკვე მიდის და საქართველოში "ქართული ოცნების" ლიდერობით ახალი, მშვიდი, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა მკვიდრდება,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ეთანხმება მიხეილ სააკაშვილს და აცხადებს, რომ არც მას სჯერა კოალიციური მთავრობის. მისი თქმით, "ქართული ოცნება" დამაჯერებლად მოიგებს და ამის არანაირი საჭიროება არ იქნება.
"ზოგადად, ვეთანხმები, არც მე არ მჯერა კოალიციური მთავრობის და დღეს ამის აუცილებლობა ნამდვილად არ არის. დღეს პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება" არის ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ არჩევნები დაასრულოს ძალიან მაღალი შედეგით, ისე, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის მთავარი კონკურენტი. დღეს ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა და ეს პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლოდ და მხოლოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, დანარჩენი ხალხზეა დამოკიდებული თუ რამდენი და რომელი პოლიტიკური პარტია შევა 2020 წლის პარლამენტში,"- განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ არჩევანი "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის უნდა გააკეთოს და კოალიციის არ სჯერა.
მოგვიანებით, ამ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით, მან განმარტება გააკეთა.