საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე სერიოზული შეფასების გაკეთება ძალიან რთულია, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებმაც კი, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, ფაქტობრივად, დასცინეს.
"სააკაშვილის განცხადებებზე სერიოზული კომენტარების გაკეთება ძალიან რთულია და მისი ასეთი მდგომარეობა უფრო და უფრო ღრმავდება, რაც არჩევნები ახლოვდება. მე რომ საერთოდ არაფერი ვთქვა მის ამ განცხადებებზე, ჩემამდე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ფაქტობრივად, დასცინეს მიხეილ სააკაშვილს იმ განცხადებების გამო, რომელიც გააკეთა. მაგრამ, ძალიან მოკლედ შევაფასებ, რომ ეს არის უბრალოდ არაადეკვატური, არათანმიმდევრული, რეალობას მოწყვეტილი ადამიანის განცხადებები.
მიხეილ სააკაშვილს ჰგონია, რომ თვითონ არის და ფაქტობრივად, იგი მთელს ქვეყანას აყენებს თავისითავის და მისი "ნაციონალური მოძრაობის" საპირწონედ," - აცხადებს გიორგი კახიანი.
როგორც "დღის კურიერში" გიორგი კახიანმა განაცხადა, "ქართული ოცნება" უმრავლესობის ჩამოყალიბებას პარლამენტში დამოუკიდებლად შეძლებს და მთავრობის ფორმირებასაც დამოუკიდებლად მოახდენს.