"ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას შეფასებით, ის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. ამის შესახებ გუგავამ "დღის კურიერში" ისაუბრა. მისი თქმით, არჩევნების წინ, პარტიას და მის ლიდერს აქვს უფლება ამომრჩევლის მობილიზებისთვის გააკეთოს ნებისმიერი განცხადება.
"ჩვენ მთელი კონცენტრირება უნდა გავაკეთოთ პრორუსული, პუტინისტური ძალის წინააღმდეგ რომელიც ხელისუფლებაშია, რომელსაც განასახიერებს ივანიშვილი, საფრთხეს უქმნის ჩვენ სუვერენიტეტს, ქვეყნის უსაფრთხოებას.
კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფება ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა, ლარმა პულსი დაკარგა, რაც ყველაფერზე ფასების ზრდას გამოიწვევს და ისედაც აშიმშილებული ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება.
აქედან გამომდინარე, ოპოზიცია უნდა ვიყოთ კოორდინაციაში, ბუნებრივია გვაქვს განსხვავებები, ამიტომაც ვიყრით ცალ-ცალკე კენჭს, მაგრამ მთავარი სტრატეგიული მიზანი გამოკვეთილი უნდა გვქონდეს, რაც წარმოადგენს ივანიშვილის შეცვლას.
რაც შეეხება შედეგებს, ამას ერთი ძალა, ერთი პიროვნება ვერ გააკეთებს. მესიების, კერპების დრო ამ ქვეყანაში დასრულდა. არ უნდა დავემსგავსოთ, ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას", როდესაც გამოგვიცხადეს სულიწმინდად, რომელიც ყოველივეში სუფევს,"- განაცხადა "დღის კურიერში" გიორგი გუგავამ.