17 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
არჩევნების მოგების შანსი არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობისთვის სააკაშვილის რისკი განეიტრალებული იქნება - იაგო ხვიჩია

"პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ხელისუფლების ცვლილება უნდა, თუმცა ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების ეშინია.

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ დღეს "ქართული ოცნება" მუდმივად აპელირებს და ამახვილებს ყურადღებას, რომ თუკი ხელისუფლების ცვლილება მოხდება, ამ შემთხვევაში ქვეყნის სათავეში მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება, რაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე უარყოფით ზემოქმედების ახდენს.

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ოპოზიციაში ყოფილი პრეზიდენტის ყოფნა არის როგორც მისი სიძლიერე, ასევე სისუსტე. 

"ზუსტად იგივეს იძახის ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება," რომ მიშა მოვა თუ მე არ ამირჩევთ, აგერ საზღვართან არის მომდგარი. ეს მარტო მიშას რიტორიკა არ არის, ეს რიტორიკა  არის "ქართული ოცნების" და "ქართულ ოცნებასაც" აწყობს ეს რიტორიკა. "ნაციონალური მოძრაობა" რომ მნიშვნელოვანი ძალაა ოპოზიციაში, ამას არავინ არ უარყოფს, მიხეილ სააკაშვილი რომ "ნაციონალური მოძრობის" ლიდერია, ამასაც არავინ არ უარყოფს. ეს არის როგორც მისი სიძლიერე, ასევე მისი სისუსტე, "ნაციონალური მოძრაობის" და ოპოზიციის ზოგადად.

ოპოზიციას რაღაც გარკვეული ხმები აქვს იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ოპოზიციაში, ოღონდ რაღაც ხმების რაოდენობის იქით ვერ იზრდება ოპოზიცია, იმიტომ რომ, ასევე მიხეილ სააკაშვილის რისკი არსებობს ადამიანებში,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სურვილია დაიბრუნოს დაახლოებით ისეთივე ძალაუფლება, როგორიც მას ადრე ჰქონდა, თუმცა დღეს საზოგადოების დიდ ნაწილში უკვე სხვა რეალობაა. 

"ამ განცხადებების ავტორების მიზანი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილს ისევ უნდა ძალაუფლება ისეთი, როგორიც ჰქონდა. შეიძლება ითვალისწინებს არსებულ რეალობას და იცის, რომ ბოლომდე ისეთი არ გამოვა, როგორიც თავის დროზე იყო, მაგრამ ზოგადად, მას, პრინციპულად უნდა რომ შეინარჩუნოს დაახლოებით ისეთი ძალაუფლება, როგორიც ჰქონდა, მასთან მიმსგავსებული ძალაუფლება და ასე მართოს ქვეყანა. 

საქართველოში არჩევნების მოგების შანსი არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილის რისკი იქნება განეიტრალებული საქართველოს მოსახლეობისთვის. ადამიანებს ეცოდინებათ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ექნება ის ძალაუფლება რაც ჰქონდა და ის ვერ გააკეთებს იგივეს, რასაც აკეთებდა,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

 

 

დღის ამბები