"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, საზოგადოება პოლიტიკურ სპექტრთან ერთად პროპორციული არჩევნებისთვის იმიტომ იბრძოდა, რომ ყველა ამომრჩეველს ჰქონოდა საკუთარი არჩევანის შესაძლებლობა.
გიგა ბოკერიას თქმით, გონივრული იდეა იყო ოპოზიციის მიერ მაჟორიტარობის კანდიდატების შეთანხება, თუმცა ეს ექსპრეზიდენტმა ჩაშალა.
"საჯაროდ მოხდა ეს ყველაფერი. რაღაც ხრიკი იხმარეს, ჯერ კიდევ მაშინ საჯაროდ შეგვთავაზა, ისევ ორ პოლუსიანობა, რომ თურმე ერთიანი სია უნდა შევქმნათ და საჯაროდ ეს ჩვენ უარვყავით, რადგან ეს პოლიტიკა უნდა დავამთავროთ, რასაც სააკაშვილი და ივანიშვილი წარმოადგენს. პროპორციული არჩევნებისთვის იმიტომ იბრძოდა საზოგადოება, "ევროპული საქართველო" მათ შორის, რომ ყველა ამომრჩეველს ჰქონოდა თავისი არჩევანის შესაძლებლობა. გონივრული იყო რეგიონებში მაჟორიტარების შეთანხმება, ისევე როგორც თბილისში, რაც ჩაშალა სააკაშვილმა, ოღონდ საჯაროდ მოხდა ეს ყველაფერი.
ჩემთვის ყველა ეტაპზე მიუღებელი იყო ერთიან პოლიტიკურ ძალაში გაერთიანება სააკაშვილთან და მისი პრემიერობა. ყველაფერი ჩაშალა სააკაშვილმა თავისი ამბიციების გამო და უკან ყურების გამო, ამიტომ ჩვენ დღევანდელი მძიმე რეალობა უნდა შევცვალოთ," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"ევროპული საქართველოს" წევრის კაკო ბობოხიძემ კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საპრემიერო კანდიდატურა წამგებიანია.
ბობოხიძე ასევე ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს არაერთხელ გაეცა პასუხი, თუ რატომ არის წამგებიანი ერთიანი სიის წარდგენა.
"ჩვენთვის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე არის გრიგოლ ვაშაძე და ნიკანორ მელია. თუ გრიგოლ ვაშაძე და ნიკანორ მელია პარტიაში სინამდვილეში ვერაფერს ვერ წყვეტენ, ეს არის არა ჩვენი, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" პრობლემა.
ჯობია "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი ჩამოყალიბდნენ. თან ამბობს, რომ თანამდებობების განაწილების დრო არ არის, თან ამბობს, რომ თურმე რაღაცას ვიღაცას უნაწილებდა. მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი უცნაურობა სწორედ ეგ არის, არაერთხელ გაჟღერებულა მისი მხრიდან, რომ ყოფილიყო ერთი სია და არაერთხელ გაეცა პასუხი, თუ რატომ არის წამგებიანი ერთი სია. დღეს მიხეილ სააკაშვილის საპრემიერო კანდიდატურა წამგებიანია არამხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, არამედ წამგებიანია მისი კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის სახელითაც, რადგან ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ თემას ეყრდნობა," - აღნიშნა კაკო ბობოხიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ევროპულ საქართველოს" არჩევნებზე ერთიანი სიის ფორმირება შესთავაზა. ევროპული საქართველო ვერ ხედავს ვერანაირ პერსპექტივას, რომ მოახლოებულ არჩევნებზე სცადოს ის, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გუნდის დაშლით დასრულდა.