გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ევროპულ საქართველოს" არჩევნებზე ერთიანი სიის ფორმირება შესთავაზა. "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" მოლაპარაკების უშუალო მონაწილე დავით კირკიტაძე "კურიერთან" საუბრისას დეტალურად იხსენებს იმ საკითხებს, რაზეც ყოფილ თანაპარტიელებს სთავაზობდნენ პოზიციების შესაჯერებლად.
როგორც დავით კირკიტაძე ამბობს, "ევროპულ საქართველოს" სთავაზობდნენ ერთიანი სიის შედგენას. მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს ენმ თანახმა იყო შენარჩუნებულიყო ოპოზიციური ერთობა და წასულიყო დათმობებზე.
"ჩვენი წინადადება მათ მიმართ იყო ასეთი, რომ ბლოკის სუბიექტები ყოფილიყვნენ თანაბარუფლებიანი, მიუხედავად მათი პოლიტიკური რეიტინგებისა თუ წონისა. ჩვენ მათ მიერ პირველ ეტაპზე წამოყენებულ ყველა წინადადებაზე თანხმობა განვუცხადეთ. მოლაპარაკების დაწყების ინიციატორები ვიყავით ჩვენ. სამწუხაროდ მოლაპარაკება ვერ შედგა იმის გამო, რომ "ევროპულმა საქართველომ" არ მოისურვა ერთიან, დიდ ბლოკში შემოსვლა და მათ გადაწყვიტეს ჰქონოდათ თავისი საარჩევნო სტრატეგია და ცალკე გამოსულიყვნენ არჩევნებზე," - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
თინა ბოკუჩავას თქმით, ერთიანი სიის ფორმირების შეთავაზება ერთი პოლიტიკური ძალის ძალისხმევით არ შედგა.
"მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება იყო ერთიანი ოპოზიციური სია, სადაც შევიდოდა ყველა ოპოზიციის წარმომადგენელი და შეიქმნებოდა ერთიანი ფრონტის ხაზი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ამ საარჩევნო პროცესში. სამწუხაროდ, აღნიშნული შეთავაზება ძირითადად ერთი პოლიტიკური ძალის ძალისხმევით არ შედგა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზად იყო დაეთმო ძალიან ბევრი რამ, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ დაინტერესებული თანამდებობებში, პორტფელებში, პოზიციებში, მინისტრის და პრემიერ-მინისტრების ადგილებში. ჩვენი ამოცანა იყო და არის გამარჯვება ამ არჩევნებში," - განაცხადა ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ.