საქართველომ, შესაძლოა, მწვანე ზონის სტატუსი დაკარგოს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ინციდენტობის მაჩვენებელი ზედა ზღვარს მიუახლოვდება. ინციდენტობის მაჩვენებელი ბოლო 14 დღის მანძილზე ზედა ზღვარს მიუახლოვდა, ზედა ზღვარი არის ხუთი, ხოლო ამჟამინდელი მაჩვენებელი არის 4,94. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო.
ბოლო 48 საათში კორონავირუსით ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. დღეს კორონავირუსს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია პაციენტი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. 259 ახალი შემთხვევიდან 164 ისევ აჭარაა.
რეგიონში ამ წუთების მონაცემებით, სტაციონარში მკურნალობს 497 პაციენტი. მათგან 70 მძიმეა. პარალელურად რეგიონში გაჩნდა ინფექციის გავრცელების ახალი კერა.
დახურეს აჭარა ტექსტილის ქობულეთის ქარხანა, სადაც კორონავირუსი 5 თანამშრომელს დაუდასტურდა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კონტაქტებს იკვლევენ ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგები.
"ნაწილი თანამშრომლები მუშაობენ, ნაწილი კი დისტანციურზეა გადაყვანილი. დეზინფექცია ჩატარებულია. ეს ინფიცირებულები არ არიან არც მოსამართლეები და არც მანდატურები,"- განაცხადა სასამართლოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა.