17 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს - საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს, ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული საკითხის მნიშვნელობა საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ გასულ წელს განიხილა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ბაქოში გამართულ შეხვედრაზე, რა დროსაც პრეზიდენტები პროცესის დროულად დასრულების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.  საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამ პროცესს ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს. 

შეხვედრისას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოთქვა აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მზადაა, მხარეების სურვილის შემთხვევაში, გახდეს პლატფორმა, რათა ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

მხარეებმა ასევე, განიხილეს საქართველო - აზერბაიჯანს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავების საკითხები და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები არიან.

საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოიწვია

დღის ამბები