17 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
მაჟორიტარული ომი და ურთიერთბრალდებების მორიგი კასკადი - ოპოზიციურ გუნდებს შორის შეთანხმებული ოლქებიც კი ერთმანეთის კრიტიკის მიზეზი გახდა

რაც უფრო ახლოვდება არჩევნების თარიღი, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტნიორებს შორის დაპირისპირება სულ უფრო მეტად მწვავდება.

თავის დროზე ყველას გაცხადებული აქვს, რომ მათი მთავარი სამიზნე მმართველი პარტიაა, თუმცა თბილისში შეთანხმებული ოლქებიც კი, ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის კრიტიკისა და დაყვედრების მიზეზი გახდა.

"გირჩის" ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მათ დათმეს და ამ დათმობის გამო ჯაფარიძეს მადლობაც აქვს გადასახდელი.

ზურაბ ჯაფარიძისთვის თანამოაზრეების რიტორიკა გაუგებარია და ამბობს, რომ საჩუქარად ოლქი არავისგან მიუღია, რადგან "გირჩს" შესაბამისი მხარდაჭერა აქვს.

"ევროპული საქართველოსთვის" კრიტიკის მორიგი ობიექტი ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული პრეზენტაცია გახდა, სადაც ზაალ უდუმაშვილმა თქვა, რომ "ზუგდიდი ირჩევს ზუდგიდელს".

კიდევ ერთ ფლანგი, სადაც მორიგი ცეცხლი გაიხსნა, საბურთალოსა და ისნის ოლქებია. საბურთალოს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუკში წერს, რომ სტრატეგია-ჭყონდიდელობას აპირებს და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დახმარებასაც სთავაზობს, რომელსაც ვაშაძე მეოთხე აღმაშენებლად მოიხსენიებს.

ოქრუაშვილის პოზიცია გიორგი ვაშაძეს არ აღელვებს და არც პასუხს აპირებს.

მაჟორიტარული პოლიტიკური რუკის მონახაზი უკვე ცნობილია. პარტიის ლიდერები ახლა პროპორციულ სიებს წერენ, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენენ.

დღის ამბები