17 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმეში შესაძლოა სერიოზული პროგრესი იყოს - რა დოკუმენტები გადაეცა ოფიციალურ ბაქოს

საქართველო აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმეში შესაძლოა სერიოზული პროგრესი იყოს.  აღმოჩენილია ახალი კარტოგრაფიული მასალები, მათ შორის რუკები, რომელიც თბილისმა ბაქოს უკვე გადასცა. ახლა საკითხი საზღვრის დელიმიტაციის ორმხრივმა კომისიამ უნდა განიხილოს, რომელიც ჯერ კიდევ 1996 წელს შეიქმნა. არ არის გამორიცხული, რომ ახალმა გარემოებებმა 2006-2007 წლის შეთანხმება შეცვალოს. ამ ეტაპზე არ ხმაურდება რა სახის და როდინდელი კარტოგრაფიული მასალებია ნაპოვნი, თუმცა ბაქო მინიშნებებს უკვე აკეთებს. 

"ორ ქვეყანას შორის არ არსებობს საკითხი, რომელიც არ შეიძლება განიხილოს და მოგვარდეს, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ეს საკითხიც მოგვარდება" - ასე უპასუხა დღეს რუსთავი 2-ის კითხვას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბოლო ერთ წელიწადში კი აზერბაიჯანსა და საქართველოს საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა. აპრილის თვეში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაიკავეს უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ყველა გზა. ეს მონაკვეთი სასულიერო პირებისთვისაც ჩაიკეტა. 2019 წელს აზერბაიჯანულმა მხარემ ამავე ტერიტორიაზე მესაზღვრეების რაოდენობა გაზარდა და საგუშაგოც ჩადგა. ადგილზე რამდენიმე აქცია გამართეს ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" და ქართული მარშის წევრებმაც სასულიერო პირებთან ერთად, სადაც იყო გარკვეული პროვოკაციების მცდელობებიც. მოხდა ისეთი ინციდენტიც, როდესაც მოქალაქე ქართველ მესაზღვრეებს დაესხა თავს და შეუთანხმებელ ტერიტორიაზე თავის აფეთქებით იმუქრებოდა. მხოლოდ ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ შეძლეს სასულიერო პირებმა გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მოლოცვა.

დღის ამბები