17 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
დღესაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, რუსეთი არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე განაცხადა, რომ პანდემიის მიუხედავად რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ Covid-19-ის გამოწვევის მიღმა, საქართველო წლების განმავლობაში დგას სხვა, კიდევ უფრო რთული გამოწვევის - ტერიტორიების ოკუპაციის წინაშე და მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს.

 "ამ ახალი გამოწვევის მიღმა, საქართველო წლების განმავლობაში დგას სხვა, კიდევ უფრო რთული გამოწვევის - ტერიტორიების ოკუპაციის წინაშე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა განახორციელა ღია, ფართომაშტაბიანი სამხედრო აგრესია, რომლის შეკავება საერთაშორისო თანამეგობრობის, პირველ რიგში, აშშ-ისა და ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

აქ, გაერო-ს შტაბ-ბინაში, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების 20% - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. დღესაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას, პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე; ინტენსიურად არის გამოყენებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, მათ შორის, დეზინფორმაციული შეტევები პანდემიასთან ბრძოლის ეროვნული ინფრასტრუქტურის მთავარ ობიექტზე - რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრზე. სამწუხაროდ, რუსეთი დღემდე არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფას.

უკანონო სამხედრო წვრთნების, ბორდერიზაციის - მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფონზე, ოკუპაციის მძიმე ფასის გადახდა, პირველ რიგში, უწევს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, რომლებიც ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდიან - დაკარგული აქვთ წვდომა საკუთარ კარ-მიდამოზე; უწევთ ცხოვრება რეალობაში, სადაც გადასასვლელების ჩაკეტვა, ოჯახების კიდევ უფრო დაშორება ყოველდღიურობაა; სადაც მათ წართმეული აქვთ მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრების უფლება, განათლების უფლება, წვდომა ელემენტარულ სამედიცინო სერვისებზე. ადგილი აქვს ადგილობრივების გატაცებას, წამებას და მკვლელობას. აუცილებლად უნდა გაგახსენოთ ჩვენი მოქალაქეების - გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი და დავით ბაშარულის სახელები, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას!

საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით ვაიძულოთ ის, შეასრულოს საერთაშორისო ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის 12 აგვისტოს შეთანხმება. მოვუწოდებთ რუსეთს, კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც გაერო-ს, ეუთოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით განვიხილავთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებს, როგორიცაა - რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენება, ჯარების გაყვანა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები