ამ წუთებში ნინო ბურჯანაძის ოფისში ოპოზიციის ლიდერები შეხვედრას მართავენ. ისინი ამომრჩეველთა ხმების დაცვის გაერთიანებული შტაბის რიგით მეხუთე სხდომაზე, წინასაარჩევნო პერიოდში გამოკვეთილ ძალადობისა და დაშინების ფაქტებს განიხილავენ.
ლიდერების განცხადებით, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტზე, ლაშა ცუცქირიძეზე თავდასხმაა.
პოლიტიკოსების თქმით, ოპონენტების მიმართ აგრესია, ხშირ შემთხვევაში დაუსჯელია, რაც მათ შეფასებით, მიზანმიმართული ქმედებაა.
თავდასხმა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საბურთალოს შტაბის წარმომადგენელზე, ნინია ცისკარიშვილზეც მოხდა.
"ჩვენ გვქონდა განხილვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ძალადობა ოპოზიციაზე. გამოვლინდა ფაქტები, როდესაც კრიმინალური დაჯგუფება და ხელისუფლება სინთეზში მოქმედებს იმისათვის, რომ ჩვენ მომხრეებს როგორც გადაადგილების, ასევე ფიზიკური პრობლემებს უქმნიან მათ. გამოვლენილი ფაქტები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მიეწოდებათ,"- აცხადებს საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია.
ოპოზიცაში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ადამიანების ჩაგვრას არანაირი პარტიული კუთვნილება არ აქვს. თინათინ ბოკუჩავა, მათი პარტიის საბურთალოს ოფისში განხორციელებულ თავდასხმაზე ამახვილებს ყურადღებას.
"ფაქტის გამჟღავნების შემდეგ, ოფისი დაიხურა, რადგანაც "ქართულ ოცნებას" ლევან ბაღდასარიანის "ფეიკ" დაკავების დადგმა მოუწია, რომლის შემდეგაც ის გათავისუფლდა. მთავრი კი მოხდა მაშინ, როდესაც მიზანმიმართული და დაგეგმილი თავდასხმები განხორციელდა საბურთალოს ოფისის წევრების წინააღმდეგ,"- განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა თინათინ ბოკუჩავამ.
ავტორი: ლიკა ალელიშვილი